პარტნიორის ანალიზი - მაია მწარიაშვილი

რა შემთხვევაში დადგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისათვის?

 

რა უნდა ვიცოდეთ

 

1. შესავალი დასკვნები

სისხლის სამართლის კოდექსში (შემდგომში „კოდექსი“) შეტანილი ცვლილებები, რომლებიც შეეხება მიმდინარე წლის 2 მაისიდან საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაწესებას (შემდგომში „კოდექსის ცვლილებები“ ან „ახალი რეგულაციები“) ხასიათდება სერიოზული ნაკლოვანებებითა და ხარვეზებით, რაც მის გამოყენებასა და აღსრულებაში მნიშვნელოვან პრობლემებსა და გაუგებრობებს წარმოშობს, კერძოდ:

  • „კოდექსის ცვლილებები“, მათი ფორმულირებისა და სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისით არსებითად ხარვეზიანია;
  • ბუნდოვანი და გაუგებარია დანაშაულებრივი ქმედების აღწერილობა/დისპოზიცია, რაც მისი მრავალმხრივი, მათ შორის, არაკეთილსინდისიერი ინტერპრეტირების ფართო შესაძლებლობას იძლევა;
  • „ახალი რეგულაციების“ ბუნდოვანების გამო, შესაძლოა, მიუღწეველი დარჩეს დანაშაულის პრევენციის მიზანი; 
  • „კოდექსის ცვლილებების“ ბუნდოვანების გამო, მისი ადრესტებისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება პასუხისმგებლობის წინასწარ განჭვრეტა და ამდენად, დანაშაულის ჩადენისგან თავის დაზღვევა;
  • დამაფიქრებელია პასუხისმგებლობის სიმძიმე იმ დანაშაულისათვის, რომლის მკაფიო ცოდნა ვერ ექნება ნორმის სუბიექტს.

ქვემოთ წარმოგიდგენთ ამ ხარვეზებისა და ნაკლოვანებების შესახებ მოკლე სამართლებრივ ანალიზს.

 

2. ახალი რეგულაციების ანალიზი

საქართველოს პარლამენტმა 23 აპრილს დაჩქარებული წესით მიიღო „კოდექსის ცვლილებები“ და „კოდექსში“ დაამატა 2 მუხლი: 

          (ი) მუხლი 2481 „იზოლაციის და/ან კარანტინის წესების დარღვევა“; და 

          (იი) მუხლი 3591 „საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა“. 

„კოდექსის ცვლილებები“ ძალაში შევიდა მიმდინარე წლის 2 მაისიდან.

„ახალი რეგულაციების“ მსგავსი ნორმები მანამდე საქართველოს პრეზიდენტმაც შეიტანა თავის 2020 წლის 21 მარტის N1 დეკრეტში (შემდგომში „დეკრეტი“),1  თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ „დეკრეტი“ ამ ნაწილში კანონსაწინააღმდეგოა და არ უნდა იქნეს გამოყენებული.2  ვფიქრობთ, სწორედ ამიტომაც გახდა საჭირო „კოდექსში“ ზემოთ მითითებული ცვლილებების განხორცილება.

სამწუხაროდ, განმარტებითი ბარათი, რომელიც თან ახლავს „ახალი რეგულაციების“ კანონპროექტს (შემდგომში „განმარტებითი ბარათი“), აცდენილია თავად კანონპროექტს, შეიცავს არაერთ უზუსტობასა და შეცდომას; ვერ გამოდგება შემოთავაზებული ნორმების შინაარსის გაგებისათვის. ამდენად, მით უფრო პრობლემურია, ნორმის ადრესატების მიერ „ახალი რეგულაციების“ სწორად გაგება, რასაც ერთი მხრივ, შეუძლია გამორიცხოს ამ ნორმათა მასობრივი დარღვევა და მეორე მხრივ, ნორმებით მანიპულირების საშუალება.

ორივე ზემოაღნიშნული მუხლის დისპოზიცია მითითებითია, ანუ თავად მუხლი არ აღწერს დასჯად ქმედებას, არამედ უთითებს სხვა საკანონმდებლო აქტებზე, რომელთა დარღვევაც განიხილება დანაშაულად. სამწუხაროდ, ჩვენი პრაქტიკის გათვალისწინებით, ქმედების ამგვარად აღწერა ყოველთვის დაკავშირებულია საფრთხეებთან, იძლევა ფართო გამოყენების, ფართოდ მოქმედების საშუალებას გამოძიების ორგანოებისა და სასამართლოსათვის, მათ შორის არ გამოირიცხება არაკეთილსინდისიერება და უფლებამოსილების ფარგლებიდან გასვლა.

 

2.1. რა იკრძალება ახალი რეგულაციებით? კონკრეტულად რა ნორმებზე (რომლის დარღვევაც ისჯება) აკეთებს მითითებას თითოეული მუხლი?

2481-ე მუხლის ანალიზი

„კოდექსის“ 2481-ე მუხლის მიხედვით, აკრძალულია „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა. 

რა არის იზოლაციის ან/და კარანტინის წესები და რომელი ნორმატიული აქტით არის დადგენილი?

„დეკრეტის“ 1-ლი და მე-2 მუხლების თანახმად, იზოლაციის ან/და კარანტინის წესები უნდა დაადგინოს საქართველოს მთავრობამ.

2020 წლის 23 აპრილს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც,  იზოლაციის ან/და კარანტინის წესი უნდა დაადგინოს საქართველოს მთავრობამ ან მთავრობის მიერ დადგენილმა სამინისტრომ. 

მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილება ძალაში მხოლოდ 2020 წლის 2 მაისიდან შევიდა, საქართველოს მთავრობამ საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ 2020 წლის 23 მარტის N 181 დადგენილების (შემდგომში „N181 დადგენილება“) მე-6 პუნქტის თანახმად, იზოლაციის ან/და კარანტინის წესების დადგენის უფლებამოსილება გადასცა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში „ჯანდაცვის სამინისტრო“). 2020 წლის 25 მარტს კი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N 01-31/ნ ბრძანებით დამტკიცდა „იზოლაციისა და კარანტინის წესები“ (შემდგომში „N01-31/ნ ბრძანება“). 

მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის „N181 დადგენილების“ მე-6 პუნქტი, რომლის თანახმადაც, მთავრობამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესების დარღვევა „ჯანდაცვის სამინისტროს“ გადააკისრა, წინააღმდეგობაში მოდის „დეკრეტის“ დანაწესთან, რომლის თანახმად, აღნიშნული წესები უნდა დაადგინოს საქართველოს მთავრობამ. იმისათვის, რომ მთავრობის მიერ ასეთი უფლებამოსილების გადაცემა შესაბამისობაში ყოფილიყო „დეკრეტთან“, პრეზიდენტს „დეკრეტში“ უნდა მიეთითებინა მთავრობის უფლებამოსილებაზე, რომელსაც უნდა განესაზღვრა იზოლაციის ან/და კარანტინის წესების დადგენის/შემუშავების წესი; აღნიშნულის ნაცვლად, „დეკრეტში“ მითითებულია, რომ თავად ქცევის წესი უნდა განსაზღვროს მთავრობამ. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავოა, „ჯანდაცვის სამინისტროს“ მიერ დადგენილი წესის დარღვევა უნდა ჩაითვალოს თუ არა სამართალდარღვევად ადმინისტრაციული და, მით უფრო, სისხლისსამართლებრივი თვალსაზრისით. ასევე, სადაოა უკვე გამოყენებული სანქციები, რომლებიც უკავშირდება „N01-31/ნ ბრძანებით“ დადგენილ იზოლაციის ან/და კარანტინის წესების დარღვევას. 

„განმარტებითი ბარათი“ ასევე არაფერს ამბობს იმაზე, თუ იზოლაციის ან/და კარანტინის წესების დარღვევის ამკრძალავი რომელი ნორმა (იგულისხმება „კოდექსის ცვლილებები“: 2481-ე და 3591-ე მუხლები) როდის გამოიყენება. უნდა ვიხელმძღვანელოთ თავად მუხლების დისპოზიციის კონსტრუქციით და მივალთ დასკვნამდე, რომ 2481 მუხლი მოქმედებს არა საგანგებო ვითარების დროს.  საგანგებო მდგომარეობის დროს ყველა დარღვევა, მათ შორის „კარანტინის და იზოლაციის წესების“ დარღვევაც, მოხვდება  3591-ე მუხლის მოქმედების ფარგლებში. ამდენად, 2481-ე მუხლის დისპოზიციის გაგებისათვის, „N01-31/ნ ბრძანებით“ დამტკიცებული „იზოლაციის ან/და კარანტინის წესები“ ვერ გამოგვადგება, ვინაიდან ეს წესები მიღებულია საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში და ამ ამოცანებისათვის. ამ აქტის მოქმედება უნდა დასრულდეს საგანგებო მდგომარეობის ვადის ამოწურვისთანავე.

3591-ე მუხლის ანალიზი

„კოდექსის“ 3591-ე მუხლით იკრძალება „დეკრეტით“ ან/და შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა (მათ შორის, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა, თუ ეს წესი საგანგებო ან საომარი მდგომარეობის ნაწილია).

რა არის საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი? 

მუხლის დისპოზიცა მიუთითებს „საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის“ დარღვევაზე, რომელიც განსაზღვრულია „დეკრეტით“ და სხვადასხვა ნორმატიული აქტებით, რომლებიც თავის მხრივ იდენტიფიცირებული არ არის. ლოგიკურად, უნდა ვეძებოთ ტერმინის „საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი“ დეფინიცია და ამ რეჟიმის დამდგენი აქტები, თუმცა, ვერც „დეკრეტში“ და ვერც რომელიმე ნორმატიულ აქტში ასეთი ტერმინის დეფინიცია ვერ მოვიძიეთ. 

„N181 დადგენილების“ მე-14 პუნქტის სათაური ფორმულირებულია შემდეგნაირად: „საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაცვა და მისი კონტროლი“, თუმცა თავად პუნქტის შინაარსი არ განსაზღვრავს, თუ რა არის საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. ეს ნორმა უკუმითითებას აკეთებს „დეკრეტზე“, მთავრობის ამავე დადგენილებასა და სამართლებრივი რეჟიმის დამდგენ სხვა სამართლებრივ აქტებზე. მეტი სიცხადე ამ ნორმას არ გააჩნია. 

ვანიდან, ვერ მოვიძიეთ „საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის“ განმარტება, უნდა გადავიდეთ იმის გარკვევაზე, თუ რომელ აქტებზე მიუთითებს განსახლველი ნორმა, როგორც ამ რეჟიმის განმსაზღვრელ აქტებზე. როგორც ავღნიშნეთ, ნორმის (3591-ე მუხლის) მიხედვით, ესაა (ი) „დეკრეტი“ და (იი) სხვა ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავენ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს. 

(ი) „დეკრეტზე“ მითითება გასაგებია, თუმცა თავად „დეკრეტი“, ძირითადად, არ ადგენს ქცევის წესებს, არამედ მითითებას აკეთებს მთავრობის (და ზოგიერთ შემთვევაში, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დეწესებულებების) მიერ მისაღებ ნორმატიულ აქტებზე.

(იი) სხვა ნორმატიული აქტების (რომლებიც ადგენენ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს) იდენტიფიცირება ასევე ვერ მოხერხდება, ვინაიდან არ ვიცით რა არის თავად „რეჟიმი“ და მისი „ფარგლები“. ანუ, ეს დებულება უკუ მითითებაა „რეჟიმზე“, რომელიც თავად არ არის განსაზღვრული.

„დეკრეტის“ აღსრულების მიზნით საქართველოს მთავრობამ გამოსცა „N181 დადგენილება“. ამ დადგენილების პრეამბულა უთითებს, რომ დადგენილება მიღებულია „დეკრეტის“ აღსრულების მიზნით. თავად „დეკრეტი“ კი მთავრობას ავალებს მიიღოს გარკვეული, კონკრეტული რეგულაციები.

ამდენად, იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად შეიცავს კონკრეტული ქმედება „კოდექსის“ 3591-ე მუხლის შემადგენლობის ნიშნებს, უნდა ამოვიდეთ „დეკრეტიდან“ და „დეკრეტის“ მითითების შესაბამისად, მთავრობის მიერ მიღებული კონკრეტული რეგულაციებიდან, ძირითადად ეს რეგულაციები მოცემული უნდა იყოს ამ დადგენილებასა და მის დანართებში.

თუ „დეკრეტი“ არ მოიცავს კონკრეტულ მითითებას მთავრობის მიერ რაიმე რეგულაციის დადგენაზე, ამგვარი საფუძვლის/მითითების გარეშე მიღებული ნორმატიული აქტი ვერ უნდა იქნას განხილული იმ აქტად, რომლის დარღვევაც გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

3591-ე მუხლთან დაკავშირებით ვრცელდება იგივე შენიშვნები, რაც მივუთითეთ 2481-ე მუხლზე მსჯელობისას; ანუ, ქმედება, რომ განვიხილოთ 3591-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად, იგი უნდა არღვევდეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ იზოლაციის ან/და კარანტინის წესებს (რომელიც ჯერ დადგენილი არ არის) ან  დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ იზოლაციისა ან/და კარანტინის წესებს, მხოლოდ იმ დათქმით, რომ ამგვარი წესები ამ სამინისტროს მიერ მიღებულ უნდა იქნას მიმდინარე წლის 2 მაისის შემდეგ, თუკი მას ამგვარს დაავალებს მთავრობა (ამგვარი წესი ასევე მიღებული არ არის).4  

 

3. ახალი რეგულაციების სწორი განმარტების მნიშვნელობა

ნორმის, მით უფრო სისხლის სამართლის ნორმის, სწორად ჩამოყალიბება და მისი საზოგადოებისათვის გამართული და გასაგები ენით მიწოდება მნიშვნელოვანია თავად ამ ნორმის დაცვის ინტერესიდან გამომდინარე. ნორმის აღწერილობა უნდა იყოს ცხადი, რათა შესაძლებელი იყოს მისი დაცვა. ამ თვალსაზრისით „კოდექსის  ცვლილებები“ აშკარად ვერ უძლებს კრიტიკას.

სისხლის სამართლებრივი აკრძალვის გასაგებად ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ახალი დანაშაულის შემადგენლობა კანონმდებელმა მიაკუთვნა  მძიმე კატეგორიის დანაშაულებს,5  რომლის სანქცია ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით.6  იურიდიული პირი კი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით. უნდა აღინიშნოს, რომ იურიდიული პირების მიმართ იგივე სანქციას ითვალისწინებს კანონი „ფულის გათეთრებისათვის“. „ახალი რეგულაციების“ დარღვევის შემთხვევაში  კი საქმე შესაძლოა გვქონდეს 2-ჯერ პირბადის გამოუყენებლობასთან ან აფთიაქში 2-ჯერ 2 მეტრიანი დასტანციის დაუცველობასთან. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ კანონმდებელმა სამართალდარღვევა არ დაუკავშირა რაიმე შედეგის (მაგალითად, მძიმე შედეგის, სხვისი ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა და ა. შ) დადგომის მოთხოვნას.

იურიდიული პირის შემთხვევაში, ჯარიმა შესაძლებელია გამოყენებულ იქნას, როგორც ძირითადი, ისე დამატებითი სასჯელის სახით და სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე და 1076-ე მუხლების თანახმად, მისი მინიმალური ოდენობა იქნება 100 000 ლარი. ჯარიმის ოდენობის მაქსიმალური ზღვარი კანონით დადგენილი არ არის და განისაზღვრება მოსამართლის მიხედულებისამებრ. 

გირჩევთ:

  • ყოველ შემთხვევაში, როდესაც თქვენ შეგექმნებათ ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საფრთხე, დარწმუნდით:
  • რამდენად ჰქონდა ადგილი დარღვევას თქვენი მხრიდან;
  • მოითხოვეთ კონკრეტული ნორმის/აქტის იდენტიფიცირება;
  • ყურადღება მიაქციეთ, თუ რა ნორმატიული აქტის დარღვევას გედავებიან შესაბამისი თანამდებობის პირები;
  • რამდენად იწვევს ამ ნორმის დარღვევა ადმინიტრსაციულ ან სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. 

ვინაიდან, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაპირობაა, მნიშვნელოვანია ასევე დარწმუნდეთ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების სამართლიანობასა და კანონიერებაში. ამ საკითხების გარკვევა კვალიფიციურ იურიდიულ დახმარებას საჭიროებს. 

---------------

  1. იხილეთ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის N1 დეკრეტი, მუხლი 8
  2. იხილეთ 2020 წლის 27 აპრილის პარტნიორის ანალიზი, რომელიც ხელმისაწვდომია აქ: http://blb.ge/ka/news/14/partnioris-analizi-maia-mtsariashvili
  3. კონკრეტული სისხლის სამართლებრივი ნორმის აღსრულების სირთულეს ხაზს უსვამს ის გარემოებაც, რომ მხოლოდ „N181 დადგენილებაში“ უკვე 30-ჯერ განხორციელდა ცვლილება. 
  4. ყველა განხილული შენიშვნა და კომენტარი თანაბრად ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში იგივე ცვლილებებს.
  5. დანაშაულის მძიმე კატეგორიისადმი მიკუთვნებით კანონმდებელმა მოსამართლეს წაართვა შესაძლებლობა გამოიყენოს არასაპატიმრო სასჯელი. ასეთის გამოყენების უფლება არსებობს მხოლოდ „საპროცესო შეთანხმების“ პირობებში, რომელიც მხოლოდ პროკურატურის სურვილის შემთხვევაში მიიღწევა.
  6. სასჯელის ზომას აქვს დათქმა: „თუკი პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“, რაც სრული სამართლებრივი და ლოგიკური გაუგებრობაა, ვინაიდან, „დეკრეტით“ სასჯელის ზომად გათვალისწინებულია 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო „კოდექსით“ 6 წლამდე. „დეკრეტით“, ყველა შემთხვევაში, სხვა რამ არის გათვალისწინებული, ვიდრე „კოდექსით“ და ამ ლოგიკით მოქმედებს დეკრეტით გათვალისწინებული სასჯელის ზომა 3 წელი.

 

 


ნახე სხვა სიახლეები