ნონა გაფრინდაშვილი v. Netflix - საქმის მიმდინარეობა

ქართველი მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, პირველი ქალი, რომელმაც ვაჟთა შორის დიდოსტატის წოდება მოიპოვა - ნონა გაფრინდაშვილი, უმსხვილეს სტრიმინგს „ნეთფლიქსს“ მის მიმართ შეურაცხყმყოფელი, ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ედავება და „ნეთფლიქსის“ წინააღმდეგ სამართლებრივი დავა აქვს დაწყებული აშშ - ში, კალიფორნიის შტატში.

საქმე შეეხება  „ნეთფლიქსის“ მიერ სერიალ „ლაზიერის გამბიტში“ (The Queen’s Gambit) კულმინაციურ ეპიზოდში, ჭადრაკის ქართველი დიდოსტატის უმნიშვნელოვანესი კარიერული მიღწევის შესახებ, მიზანმიმართულად გაჟღერებულ მცდარ ცნობას, რომ მას მამაკაც მოჭადრაკეებთან  არასდროს უთამაშია.

Საქმეზე ზეპირი განხილვა დაინიშნა 2022 წლის 24 იანვარს.

2021 წლის 1 ნოემბერს Netflix-მა წარადგინა Anti-SLAPP შუამდგომლობა და ითხოვს სამართალწარმოების შეწყვეტას. Ნონა გაფრინდაშვილის საპასუხო პოზიცია Anti-SLAPP შუამდგომლობაზე 3 დეკემბერს წარედგინა კალიფორნიის სასამართლოს.

2022 წლის 27 იანვარს სასამართლომ არ დააკმაყოფილა Anti-SLAPP შუამდგომლობა და უარი თქვა საქმის წარმოების შეწყვეტაზე. მოსამართლე ვირჯინია ფილიპსის გადაწყვეტილება ხელმისაწვდომია აქ.

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ ნონა გაფრინდაშვილის იურისტთა გუნდის ამერიკელმა წევრმა როდნი სმოლამ განაცხადა:

"ჩემთვის დიდი პრივილეგია და პატივი იყო, ვყოფილიყავი ქალბატონი ნონას წარმომადგენელი სასამართლოს წინაშე. იმ მრავალ საქმეთა შორის, რომელზეც ჩემი კარიერის მანძილზე მიმუშავია, მოცემული საქმე ჩემთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობის მქონეა, როგორც პროფესიულ, ისე პიროვნულ დონეზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით ძალიან მოხარული ვარ. ეს არის პირველ რიგში ქალბატონი ნონას გამარჯვება, თუმცა ამავდროულად, ესაა გამარჯვება ქალებისთვის, რომლებიც ამსხვრევენ გენდერულ ბარიერებს, გამარჯვება ადამიანური ღირსებისა და კანონის უზენაესობისთვის, და რაც ყველაზე მთავარია, ესაა ჭეშმარიტების გამარჯვება.

მე მქონდა თბილისში სტუმრობის პატივი 2019 წელს, ამერიკული სამართლის სკოლის დეკანის რანგში. ვიზიტის ფარგლებში მე, როგორც პროფესორსა და იურისტს, მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი საქართველოს უზენაესი სასამართლოების წევრებს, მრავალ ქართველ იურისტს, სამართლის პროფესორებსა და სტუდენტებს. მოუთმენლად ველი, რომ მალე გესტუმროთ ისევ საქართველოში, სადაც დაპირებისამებრ, ნონამ მასთან ჭადრაკის თამაშის პატივი მარგუნა - რასაც არ მგონია ისე გავართვა თავი, როგორც მისი ინტერესების დაცვის საქმეს.

ვუერთდები მსოფლიოს მასშტაბით ყველას, ვისაც უყვარს ქალბატონი ნონა და გილოცავთ ამ გამარჯვებას მის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მატჩში. როგორც სიმბოლურად, ისევე რეალურად, ეს არის ნონას და ქართველი ხალხის გამარჯვება."

Საქმის შესახებ მოკლე მიმოხილვა ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია აქ.

BLB ამერიკელ კოლეგებთან ალექსანდერ რუფუს აიზექსა და როდ სმოლასთან ერთად წარმოადგენს ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს.


ნახე სხვა სიახლეები