“ექსტრემიზმის” დანაშაულის ფარგლები – სამართლებრივი ანალიზი

საქართველოს პარლამენტმა 2026 წლის 4 მარტს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ სხვა ცვლილებებთან ერთად კოდექსში დაამატა ახალი მუხლი 3161 „ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ“.

წინამდებარე მიმოხილვის მიზანია ახალი მუხლის სამართლებრივი შეფასება საქართველოს სისხლის სამართლის პრინციპებისა და კანონმდებლობის ჭრილში, ასევე სხვა ქვეყნების ანალოგიურ ან მსგავს ნორმებთან შედარებითი ანალიზის გზით.

 

I. სს კოდექსში ახალი მუხლი მიღებულია შემდეგი რედაქიით:

 

„მუხლი 3161. ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ

საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატურად საჯარო მოწოდება, ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად, საჯაროდ და სისტემატურად წარმოჩენა ან ამავე პირის მიერ ჩადენილი სხვა საჯარო და სისტემატური მოქმედება, თუ ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე აღნიშნული მოქმედება მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან ქმნის საქართველოს ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს,-

ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ოთხასიდან ექვსას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

        შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“.

მითითებული მუხლით დასჯადად გამოცხადებულ ქმედებებს დავყოფ 3 კატეგორიად:

  1. პირველი ჯგუფი:

სისტემატური და საჯარო მოწოდებები, რაც მიმართულია

(ა)  საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისაკენ,

(ბ) საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ,

(გ) საქართველოს ხელისუფლების ორგანოების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ,

  1. მეორე ჯგუფი:

თვითნებურად, საჯაროდ და სისტემატურად საკუთარი თავის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად წარმოჩენა

ასევე სხვისი წარმოჩენა  საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად თვითნებურად, საჯაროდ და სისტემატურად.

 

  1. მესამე ჯგუფი:

სხვა საჯარო და სისტემატური მოქმედება[1].

 

ქმედებების მესამე ჯგუფი სრულებით არ არის იდენტიფიცირებული რაიმე ნიშნით.

კანონის ნორმის მიხედვით ზემოთ მითითებული ქმედებების სამივე კატეგორია დასჯადია იმ შემთხვევაში, თუ ისინი მიმართულია რამდენიმე აღქმის დამკვიდრებისაკენ. ესენია:

(ა) კონსტიტუციური წყობილების არალეგიტიმურობის აღქმა;

(ბ) კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის აღქმა;

 

მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივ კატეგორიას განეკუთვნება „კონსტიუციური წყობის არალეგიტიმურობა“ ან „კონსტიტუციური ორგანოს არალეგიტიმურობა“, განხილულია ქვემოთ.

ახალი მუხლის დისპოზიციით კვალიფიკაციისათვის თითქოსდა მოითხოვება სპეციალური შედეგი: ქმედება, რომელიც მიმართულია აღქმის დამკვიდრებისაკენ უნდა აზიანებდეს საქართველოს ინტერესებს. თავად დისპოზიციის სიტყვა-სიტყვითი განმარტებით არც ზიანის მტკიცება მოითხოვება. ამ დასკვნის გამოტანის საფუძველს იძლევა ამავე წინადადების მეორე ნაწილი, რომელიც მიუთითებს, რომ ქმედების დასჯადობისათვის საკმარისია საჯარო მოქმედება ქმნიდეს საქართველოს ინტერესის დაზიანების საფრთხეს. შესაბამისად, მითითებული მუხლი არის საფრთხის შემცველი დელიქტი და შესაბამისად, ფორმალური დანაშაული.

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ინტერესების დაზიანება ან დაზიანებისათვის  რეალური საფრთხის შექმნა“, როგორც ქმედების შემადგენლობის და უმართლობის დამდგენი გარემოება პირველად შემოვიდა სისხლის სამართლის კოდექსში.

ვინ განსაზღვრავს რა არის საქართველოს ინტერესი? დემოკრატიულკ სისტემებში სახელმწიფო ინტერესი მუდმივი დებატების საგანია და ეს არ არის სტატიკური მოცემულობა. ამ მუხლით „სახელმწიფო ინტერესის“ განმსაზღვრელი ხდება გამომძიებელი/პროკურორი.

დოგმატურად გაუგებარია, რითი განსხვავდება „ექსტრემიზმის“ მუხლით გათვალისწინებული არაიდენტიფიცირებული „საჯარო მოქმედება“ ამავე ცვლილებებით ინიცირებული სხვა მუხლებით (მაგალითად, სსკ-ის 3553-ე მუხლი „სამეწარმეო სუბიექტის საჯარო პოლიტიკური აქტივობა“) აკრძალული „საჯარო პოლიტიკური აქტივობისაგან“.

შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო, რომ თუკი საჯარო აქტივობა რომელიმე მე-3 პირისათვის შექმნის რომელიმე კონსტიტუციური ორგანოს არალეგიტიმურობის აღქმას, ქმედების კვალიფიკაცია მოხდება „ექსტრემიზმის“ მუხლით და არა მაგალითად სსკ-ის 3553 -ე (მეწარმე იურიდიული პირის პოლიტიკური აქტივობა) და 3191-ე (გრანტების შესახებ კანონის დარღვევა) მუხლებით ან ერთდროულად ორივე მუხლით.

აღსანიშნავია, რომ მითითებული მუხლით მტკიცების სტანდარტი ფაქტობრივად გაუქმებულია,  არ მოითხოვება არაფრის მტკიცება რაიმე ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, არამედ სავარაუდოდ საკმარისად ჩაითვლება ვინმეს დასკვნა აღქმის დამკვიდრებასთან დაკავშირებით, რაც უფრო დეტალურად განხილულია V-VIII თავებში.

 

II. „ექსტრემიზმის“ დანაშაულის შემადგენლობა.

 

(ა) ახალი მუხლის/დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა (სამივე სახის ქმედება) გამოიხატება – საჯაროდ აზრის გამოხატვაში, რაც, სავარაუდოდ,  შესაძლოა განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით. მაგალითად, ლექციის წაკითხვა, დისკუსიაში მონაწილეობა, კომენტარის, შეფასების გაკეთება, საჯარო მიმართვა, ხელისუფლების რომელიმე ორგანოს, შტოს ან წარმომადგენლის კრიტიკა როგორც უშუალო პირდაპირი ფორმით, ისე მედია და სოციალურ სივრცეში მისი გავრცელება, მათ შორის, სავარაუდოდ პირად სოციალური მედიის პლატფორმებზეც.

აღსანიშნავია, რომ ამ მუხლით გათვალისიწნებული „საჯარო მოქმედების“ დანაშაულად მიჩნევისათვის არ მოითხოვება, რომ საჯარო მოქმედება შეიცავდეს ძალადობის საფრთხეს, ამკვიდრებდეს სიძულვილს სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების მიმართ, იყოს დისკრიმინაციული რაიმე ნიშნით (სქესის, რასის, ეროვნების, რელიგიის) ან აღვივებდეს ეროვნულ შუღლს. აღსანიშნავია, რომ ამ ქმედებების ამკრძალავი მუხლები აქამდეც არსებობდა სს კოდექსში, მაგალითად: მუხლი 142 „ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა“, მუხლი 1421 „რასობრივი დისკრიმინაციის დარღვევა“, „დანაშაულის პროვოკაცია“ და სხვ.

„ექსტრემიზმის“ მუხლით მოცული დანაშაულის შემადგენლობა, როგორც მივუთითე ფორმალური დანაშაულია და დასჯადი ხდება ზემოთ მითითებული 3 კატეგორიიდან რომელიმე საჯარო ქმედების, ანუ გამოხატვის განხორციელებისთანავე.

ამ დანაშაულის დასრულებისათვის კანონმდებელი არ მოითხოვს რაიმე ნეგატიური შედეგის დადგომას. ქმედების დანაშაულად მიჩნევისათვის აღქმის შექმნაც კი არ მოითხოვება, არამედ დანაშაულის დამთავრებისათვის საკმარისია იმის მტკიცება, რომ საჯარო განცხადება მიმართული იყო ზემოთ (I თავში) მითითებული რომელიმე აღქმის დამკვიდრებისაკენ, მიუხედავად იმისა, ვინმეს შეუქმნა ამგვარი აღქმა თუ არა.

„ექსტრემიზმის“ მუხლით კვალიფიკაციისათვის, არ არის საინტერესო აღქმის შექმნისკენ მიმართული ქმედება საზოგადოების რა რაოდენობაზე, მასაზეა გათვლილი ან გავრცელებული. ფორმალურად, შესაძლებლია იყოს 1 მსმენელიც კი, თუკი ის არის გამოხატვის ადრესატი.

შესაბამისად, „ექსტრემიზმის“ მუხლის კონსტრუქცია  ყველაზე ფორმალურ შემადგენლობად გამოიყურება, ის დასრულებული დანაშაულის ყველაზე ადრეული სტადიიდან, გამოხატვისთანავე, მიუხედავად რაიმე ნეგატიური შედეგისა. სსკ-ის 317-ე მუხლი (რომელიც ასევე ფორმალური დანაშაულია), „მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ“, ქმედების შემადგენლობის მტკიცებისათვის მოითხოვს, ძალადობის მყისიერი საფრთხის ტესტის დაკმაყოფილებას, რაც მტკიცების უფრო მაღალი სტანდარტია, ვიდრე ყოვლად არაძალადობრივი და მხოლოდ კრიტიკული გამოხატვის კრიმინალიზაციის გზით დაადგინა კანონმდებელმა 3161-ე მუხლით.

მოქალაქეების, იურიდიული პირების (ბიზნესის წარმომადგენლების) მიერ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა კანონმდებელმა გაუთანაბრა სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობრივი დამხობისკენ მოწოდების დანაშაულს. ახალი „ექსტრემიზმის“ მუხლი მოთავსებულია კოდექსის იმავე თავში, თუმცა სასჯელი კიდევ უფრო გამკაცრებულია და გაფართოვებულია პასუხისმგებელ პირთა – სუბიექტთა წრე, დამატებულია პასუხისმგებლობა იურიდიული პირისათვის, რაც არ არის 317-ე მუხლის შემთხვევაში.

მაგალითად: თუ რომელიმე იურიდიული პირის (ბიზნესის) პასუხისმგებელი პირი აკეთებს მოწოდებებს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისაკენ, ან მოუწოდებს ამ მიზნით შეიარაღებისაკენ, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ ამ ფიზიკურ პირს. ხოლო თუკი იგივე სუბიექტი საჯაროდ ისაუბრებს, რომ მაგალითად, სასამართლო ხელისუფლება არ ემსახურება მართლმსაჯულების მიზანს, ან ხელისუფლება არ გამოხატავს ხალხის ნებას ან ხელისუფელბის მიმართ არ არსსებობს ნდობა, ან ხელისუფლება ან მისი რომელიმე თანამდებობის პირი, ორგანო ან შტო უსამართლო და კორუმპირებულია, სისხლისსამართლებრივად პასუხს აგებს როგორც ეს ფიზიკური პირი, ისე თავად იურიდიული პირი, რაც სამართლებრივი და პრაქტიკული აბსურდია.

გაუგებარია კანონმდებელმა რატომ ჩათვალა, რომ ადამიანების (იურიდიული პირების წარმომადგენლების) ნებისმიერი კრიტიკული გამოხატვა (თუნდაც სისტემატური, არაერთჯერადი) ყველაზე მაღალი საფრთხის მატარებელი ქმედებაა სისხლისსამართლებრივი თვალსაზრისით და უნდა დაისაჯოს არა მხოლოდ ამ პირის პატიმრობით, არამედ ამ იურიდიული პირის ლიკვიდაციითაც.

კანონმდებელს არ განუმარტავს რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლების ეს დისპროპორციული შეზღუდვა და დემოკრატიული საზოგადოების რა კრიტიკული აუცილებლობით არის ნაკარნახევი.

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის („გამოხატვის შესახებ კანონი“) თანახმად (მუხლი 4) აზრის გამოხატვა/მოწოდება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ, როცა პირი ჩაიდენს განზრახ ქმედებას, რომელიც ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს“. „ექსტრემიზმის“ მუხლი არ მიუთითებს კანონით დაცული რომელიმე ინტერესის, მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეზე.

 

(ბ) ბუნდოვანია „ექსტრემიზმის“ დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობა – განზრახვა, მოტივი, მიზანი. ნორმის კონსტრუქციის პირველი ნაწილის მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქმედება უნდა იყოს ჩადენილი მხოლოდ პირდაპირი განზრახვით, ვინაიდან სხვა შემთხვევაში  განცხადების, მოწოდების გამხმოვანებელს ვერ უნდა შეერაცხოს აღქმის დამკვიდრების სურვილი. თუმცა ნორმის ბოლო წინადადება („მიმართულია აღქმის დამკვიდრებისაკენ და ქმნის საქართველოს ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს“) იძლევა იმგვარი განმარტების საშაულებას, რომ დასჯადად გამოცხადებული ქმედება არის საფრთხის შემცველი დელიქტი და მიუხედავად განზრახვის ფორმისა და შედეგის დადგომისა, დანაშაულის შემადგენლობა მაინც სახეზე იქნება.

ნორმის დისპოზიციით გაუგებარია, აღქმის შექმნის სურვილი შეერაცხება დანაშაულის სუბიექტს, თუ კანონმდებელი გულისხმობს ობიექტური შერაცხვის პრინციპით ქმედების დასჯადობას, რაც იმას ნიშნავს, რომ სუბიექტს ყოველთვის შეერაცხება აღქმის შექმნის მიზანი, თუკი ასეთი აღქმა შეექმნა მე-3 პირს ან შესაძლოა შეექმნას.

 

III. სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებას, პოლიტიკურ უფლებებსა და სისხლის სამართლებრივ ქმედებას შორის

 

გამოხატვის თავისუფლების დემოკრატიული სტანდარტით დაცულია ყველზე აღმაშფოთებელი და შეურაცმყოფელი აზრები და იდეებიც კი. კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით დაცულია პოლიტიკური დებატი, კრიტიკა და, მათ შორის, ხელისუფლების არალეგიტიმურად მიჩნევის უფლება.

„ექსტრემიზმის“ მუხლის დისპოზიციით  ზღვარი წაშლილია დანაშაულსა და გამოხატვის თავისუფლებას შორის, დანაშაულად გამოცხადებულია აზრის მშვიდობიანი გამოხატვა და უგულვებელყოფილია „გამოხატვის შესახებ კანონის“ დანაწესები გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლებისა და წესის შესახებ.

ახალი მუხლი კრძალავს ყოველგვარ გამოხატვას, მიუხედავად გამოხატვის შინაარსობრივი მოწესრიგებისათვის დადგენილი საკანონმდებლო მოთხოვნებისა. აღსანიშნავია, რომ გამოხატვისათვის დადგენილი შინაარსობრივი რეგულირების მოთხოვნები ამომწურავადაა ჩამოთვლილი „გამოხატვის შესახებ კანონით“. დაუშვებელია რაიმე სახის პასუხისმგებლობის დაწესება ამ ფარგლებში გაკეთებული ნებისმიერი გამოხატვისათვის.

„ექსტრემიზმის“ მუხლი უგულვებელყოფს ამ ფარგლებს და მოიცავს ნებისმიერ კრიტიკულ გამოხატვას, რაც ამავე კანონით გარანტირებული უფლებაა როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისათვის.

(ა) ერთადერთი კრიტერიუმი, რაც მიჯნავს აზრის გამოხატვას მისი კრიმინალიზებისაგან, არის გამოხატვის „სისტემატიურობა“, რაც არ მიემართება შინაარსს და რაც იმას ნიშნავს, რომ არაძალადობრივი, ლეგიტიმური გამოხატვა დანაშაულად იქცევა მისი სისტემატურობის შემთხვევაში. შესაბამისად, არაძალადობრივი აზრი თავისუფლად შეგიძლიათ გამოხატოთ იქამდე, ვიდრე ჩაითვლება, რომ ის „სისტემატურია“.

„ექსტრემიზმის“ მუხლით დასჯადია აღქმის შექმნისკენ მიმართული სისტემატური საჯარო გამოხატვა. სისტემატურობა მოითხოვება ზემოთ აღწერილი სამივე კატეგორიის ქმედებებისათვის.

ამ ზედსართავს, „სისტემატურობას“ სისხლის სამართლის კოდექსი სულ რამდენიმე შემთხვევაში იყენებს, თუმცა არ არსებობს მისი საკანონმდებლო განმარტება. სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ „სისტემატურობის“ ქვეშ უნდა მოვიაზროთ ქმედება, რომელიც განხორციელდა არანაკლებ 3-ჯერ, თუმცა ეს არ არის კანონისმიერი ან დოგმატური განმარტება.

„ექსტრემიზმის“ დანაშაულის შემთხვევაში ქმედების/გამოხატვის „სისტემატურობა“ ქმნის დანაშაულის ძირითად შემადგენლობას, ანუ აფუძნებს იმ საჯარო აქტივობის/გამოხატვის უმართლობას, რასაც კანონმდებელმა „ექსტრემიზმი“ დაარქვა. ქმედების უმართლობას ქმნის მისი სისტემატურობა, რაც ნორმატიულად განსაზღვრული არ არის.

შესაბამისად,  ქმედების უმართლობას განსაზღვრავს არა სისხლისსამართლებრივი ნორმა, არამედ მისი შემფარდებელი. მაგალითად, ვის რამდენის საუბრის უფლება უნდა მიეცეს, მომავალში განსაზღვრავს კონკრეტული გამომძიებელი/ბრალმდებელი და სასამართლო.

(ბ) „ექსტრემიზმის“ მუხლის დისპოზიციით განსაზღვრული პირველი ჯგუფის ქმედებების  კრიტერიუმად გამოყენებულია სიტყვა „მასობრივი“ დარღვევებთან და დაუმორჩილებლობასთან კავშირში.

დანაშაულის დისპოზიციის ამგვარ ფორმულირებაში ასევე პრობლემურია „მასობრიობის“ განმარტება. რამდენ ადამიანს უნდა მიემართებოდეს ეს მოწოდება, რომ ჩაითვალოს მასობრივად? 10 ადამიანისადმი მოწოდება თუ 10,000 ადმიანისადმი? განუსაზღვრელი აუდიტორიისადმი მიმართვა „მასობრივი მოწოდებაა“? რა რაოდენობის დარღვევისაკენ მოწოდება ჩაითვლება მოწოდებად მასობრივი დარღვევისაკენ?

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მუხლის დისპოზიცია არ გულისხმობს მოწოდებას დანაშაულის ჩადენისაკენ. ამ თვალსაზრისიტაც გაუგებარია, რას ნიშნავს “კანონმდებლობის დარღვევა” ამ მუხლის თვალსაზრისით.

სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაფუძნება მიმართვის მასობრივ ადრესატებზე მითითებით ეწინააღმდეგება განსაზღვრულობის პრინციპს (Legal Certainty)

(გ) „დაუმორჩილებლობა“, როგორც სამოქალაქო პროტესტის ფორმა აღიარებულია დემოკრატიული ქვეყნების კანონმდებლობებით.

სამოქალაქო დაუმორჩილებლობა (მაგ. მშვიდობიანი აქციები, მათ შორის გზის გადაკეტვაც) დემოკრატიული პროტესტის ფორმაა. მისი კრიმინალიზება მკაფიო ზღვარის გარეშე ფაქტობრივად აუქმებს გამოხატვის და შეკრების თავისუფლებას.

ამ მხრივ საინტერესო და რელევნტურია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგი საქმეები: „კასტელსი ესპანეთის წინააღმდეგ“ (Castells v. Spain) და „პერინჩეკი შვეიცარიის წინააღმდეგ“. ევროპული სასამართლოს სტანდარტით, იმისათვის, რომ მოწოდება დანაშაულად ჩაითვალოს, ის უნდა შეიცავდეს ძალადობისკენ პირდაპირ მოწოდებას ან შეიარაღებული დაპირისპირების საფრთხეს. (“ძალადობის პროვოცირების” ტესტი)

თუ მოწოდება ეხება მხოლოდ „დაუმორჩილებლობას“ (მაგალითად, გადასახადების არგადახდას ან მშვიდობიან აქციებს), სისხლისსამართლებრივი სასჯელი  მიიჩნევა გამოხატვის თავისუფლების დარღვევად.

(დ) ალტერნატიული ორგანოები –  დემოკრატიულ სისტემებში მოქალაქეებს აქვთ უფლება, შექმნან საზოგადოებრივი საბჭოები, ალტერნატიული თვითმმართველობის ჯგუფები ან „ჩრდილოვანი კაბინეტები“.

ევროპულ სამართალში არსებობს „ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტის“ (Shadow Cabinet) ან „ალტერნატიული მუნიციპალიტეტების“ პრაქტიკა. ეს დემოკრატიის ნაწილად მიიჩნევა. თუ მოქალაქეები იტყვიან: „ჩვენ არ ვცნობთ ამ საკრებულოს და ვქმნით ჩვენს სახალხო საბჭოს“, ევროპული სასამართლო ამას განიხილავს, როგორც პროტესტის უკიდურეს ფორმას, რომელიც ამავდროულად, არ არის სისხლის სამართლის დანაშაული და არ ისჯება სისხლის სამართლის წესით, ვიდრე ეს „საბჭო“ არ დაიწყებს მაგალითად, პოლიციის ფუნქციების დასაკუთრებას ან იარაღის გამოყენებას.

სტრასბურგის სასამართლო, როგორც წესი, კონვენციის ნორმებთან შეუსაბამოდ მიიჩნევს ისეთ ნორმებს, რომლებიც სჯიან აბსტრაქტულ „დაუმორჩილებლობას“, თუკი ეს დაუმორჩილებლობა არ არის ძალადობრივი ან საზოგადოებრივი წესრიგისათვის მყისიერი საფრთხის შემცველი.

შესაბამისად, ზღვარი გამოხატვის, შეკრების თავისუფლებას, სამოქალქო და პოლიტიკურ უფლებებსა და „ექსტრემიზმის“ მუხლის ქვეშ ნავარაუდებ საჯარო მოქმედებებს შორის ამავე მუხლის დისპოზიციით სრულიად არაცხადია და ეწინააღმდეგება „ნათელი და განჭვრეტადი“ და „ვიწროდ მიზანმიმართული კანონის“ პრინციპებს.

 

IV. “არალეგიტიმურობის” მტკიცება – პარადოქსია

 

(ა) “ექსტრემიზმის” მუხლი გამოხატვის კრიმინალიზებას ახდენს, თუკი ის იწვევს “კონსტიტუციური წყობილების და კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმუორობის” აღქმას.

ამიტომ, ვიდრე “აღქმების” სამართლებრივ-ფსიქოლოგიურ ანალიზზე გადავიდოდეთ უნდა განვსაზღვროთ რას ნიშნავს “არალეგიტიმურობა” ამ მუხლის თვალსაზრისით ან რომელიმე სხვა ნორმის თვალსაზრისით.

ტერმინი „არალეგიტიმური“ (Illegitimate) სამართალსა და პოლიტიკაში საკმაოდ კომპლექსური კატეგორიაა. ეს ტერმინი ატარებს როგორც სამართლებრივ, ისე ფართო პოლიტიკურ-სოციალურ და შეფასებით დატვირთვას. არ არსებობს რაიმე ერთიანი ფორმულა, რომელიც “არალეგიტიმურობის” ზუსტ დეფინიციას, ან ტესტს მოგვცემს.

ტერმინი არალეგიტიმური, უმეტესწილად, გამოიყენება სამართლის თეორიაში და ძირითადად საკონსტიტუციო და ადმინისტრაციულ სამართალში, ადამიანის უფლებათა სამართალში, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს ამ ცნების რაიმე ნორმატიული განმარტება და არ არსებობს “ლეგიტიმურობის” რაიმე უნივერსალური გაგება.

სამართლის თეორიასა და პრაქტიკაში „არალეგიტიმური“, როგორც წესი, ნიშნავს ისეთ ქმედებას, გადაწყვეტილებას ან მდგომარეობას, რომელიც:

  1. ეწინააღმდეგება სამართლის არსს და პრინციპებს, სამართლებრივად გაუმართლებელია (და არა მხოლოდ კანონს).
  2. არ სარგებლობს საზოგადოებრივი აღიარებით ან ნდობით.

საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა სამართალი იცნობს “ლეგიტიმურ მიზანს”, რასაც უნდა ემსახურებოდეს ადამიანის უფლებათა შეზღუდვები იმისათვის, რომ ამგვარი შეზღუდვა ჩაითვალოს გამართლებულად. საქართველოს კონსტიტუცია გამოიყენებს ამ ტერმინს “ლეგიტიმური მიზანი” ადამიანის ძირითადი უფლებების კონტექსტში (მუხლი 34), სადაც მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა შეზღუდვა უნდა ემსახურებოდეს “ლეგიტიმურ მიზანს”.

(ბ) ლეგიტიმური მიზანი _ როგორც ფილტრი ადმინისტრაციული ორგნოებისა და არა მოქალაქეებისათვის.

„ლეგიტიმური მიზანი“ არის ფილტრი, რომელსაც სასამართლო იყენებს იმის შესაფასებლად, აქვს თუ არა სახელმწიფოს უფლება, ჩაერიოს ადამიანის უფლებებში, მაშინ როდესაც ეს უფლებები იზღუდება.

“ლეგიტიმური მიზანი” არის ასევე ერთგვარი ფილტრი ადმინისტრაციული ორგანოებისათვის გადაწყვეტილებების მიღებისას (მაგალითად, ლიცენზიის გაუქმება ან ჯარიმა). მათი გადწყვეტილებები უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ საჯარო ინტერესს. თუ ორგანო გადაწყვეტილებას იღებს პირადი ინტერესით, ეს არის „დისკრეციული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება“ — შესაბამისად, მიზანი ხდება არალეგიტიმური და აქტი უნდა გაბათილდეს.

“ლეგიტიმური მიზანი/ინტერესი” გამოიყენება შრომის სამართალში: მაგალითად დამსაქმებელს შეუძლია დააწესოს გარკვეული შეზღუდვები (მაგ: დრეს-კოდი ან კონფიდენციალურობა), თუ მას აქვს ლეგიტიმური ბიზნეს-ინტერესი. თუ შეზღუდვა მხოლოდ თანამშრომლის შევიწროებას ემსახურება, ის არალეგიტიმურია.

კონკურენციის სამართალი: ბაზარზე გარკვეული შეთანხმებები შეიძლება აიკრძალოს, თუ მათი მიზანი არ არის მომხმარებლის კეთილდღეობა (ლეგიტიმური მიზანი), არამედ მიზანია მხოლოდ კონკურენტის განადგურება.

სისხლის სამართალში ლეგიტიმური მიზანი ამართლებს აუცილებელი მოგერიების ან უკიდურესი აუცილებლობის გარემოებებში პასუხისმგებლობიდან გათავისუფლებას. პირის ქმედება (მაგ: სხვისი ქონების დაზიანება) შეიძლება იყოს ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო, მაგრამ ლეგიტიმური, თუ მისი მიზანი უფრო მაღალი ღირებულების (მაგ: სიცოცხლის) გადარჩენა იყო.

შესაბამისად, ყველა ზემოაღნიშნული მაგალითის გათვალისწინებით ლეგიტიმური მიზანი არის ის ფილტრი, რასაც გადის ადამიანის უფლებათა შემზღუდავი და ამაკრძალავი ნორმები, ანუ ესაა ფილტრი სახელმწიფოსა და მისი ორგანოებისათვის და ეს არაა ფილტრი ადამიანების მიერ განსხვავეული აზრის გამოხატვისათვის.

(გ)“კონსტიტუციური წყობილების” ან “კონსტიტუციური ორგანოების” ლეგიტიმურობის ნორმატიული განსაზღვრება არ არსებობს.

არალეგიტიმურობაზე საუბარი  მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუკი გვეცოდინება რა არის “კონსტიტუციური ორგანოების” ან “კონსტიტუციური წყობილების” ლეგიტიმურობა ნორმატიულ-სამართლებრივი და არა პოლიტიკურ-სამართლებრივი ან მორალურ ღირებულებითი თვალსაზრისით.

არც საქართველოს კონსტიტუცია და არც რომელიმე სხვა კანონი არ განსაზღვრავს რა არის “კონსტიტუციური წყობილების” ან “კონსტიტუციური ორგანოების” ლეგიტიმურობა, არც კი გამოიყენებს ასეთ ცნებებს.

სისხლის სამართლის კანონმდებლობამ ასევე არ იცის რა არის “კონსტიტუციური წყობილება”. ამ ცნების განმარტება არ შეიძლება იყოს სისხლის სამართლის საგანი და ამოცანა.

ამ ცნების დეფინიციას არც სხვა რომელიმე საკანონმდებლო აქტი განსაზღვრავს. ეს კატეგორიები/ცნებები სამართლის თეორიის საგანია და არა სისხლისამართლებრივი რეგულირების სფერო.

() “უკანონო” vs “არალეგიტიმური“

სისხლის სამართლებრივად გასაგებია ცნებაა “უკანონო”, რაც ნიშნავს, რომ ქმედება პირდაპირ არღვევს დაწერილ ნორმას, ქცვის წესს, კერძოდ კი სისხლის სამართლის კანონს.

სისხლისსამართლებრივად გაუგებარია, ცნება “არალეგიტიმური”, ვინაიდან შეუძლებელია დადგინდეს რასთან წინააღმდეგობას გულისხმობს არალეგიტიმური ქცევა ან არალეგიტიმურობის აღქმა.

ტერმინი “არალეგიტიმური”-ს გამოყენება ადამიანის სუბიექტური შეფასებაა, ის შეიძლება ფორმალურად კანონსაც არ არღვევდეს, მაგრამ ამავე ადამიანის შეფასებით იყოს უსამართლო, არაკეთილსინდისიერი ან ეწინააღმდეგებოდეს დემოკრატიის ღირებულებებს.

ლეგიტიმურობა (Legitimacy): ეს არის შინაარსობრივი და არა ფორმალურ-სამართლებრივი კატეგორია. ის მაგალითად შეიძლება გულისხმობდეს ქმედების ან ხელისუფლების სამართლიანობას, ეთიკურობას და საზოგადოებრივ აღიარებას. მაგალითად, ლეგიტიმურობა შეიძლება პასუხობდეს კითხვას – აქვს თუ არა სახელმწიფოს მორალური უფლება, მოსთხოვოს მოქალაქეს შესაბამისი ქცევა.

„არალეგიტიმურობა“ არ წარმოადგენს რაიმე დოგმატურ, ნორმატიულ კატეგორიას და შესაბამისად, მისი სისხლისსამართლებრივი წესით მტკიცება, სამართლებრივი პარადოქსია.

სინამდვილეში არალეგიტიმურობის აღქმის დამკვიდრების აკრძალვა არის წმინდად იდეოლოგიური იარაღი, რომელიც საშუალებას მისცემს სახელმწიფოს, ნებისმიერი ფუნდამენტური, ღირებული, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ოპონირება დანაშაულად გამოაცხადოს.

 

V. „აღქმის დამკვიდრება“ – ფსიქოლოგიზაცია სამართალში

 

ცნება „აღქმის დამკვიდრება“ თავისი არსით ასევე არა სამართლებრივი, არამედ კომუნიკაციური, ფსიქოლოგიური და სოციოლოგიური კატეგორიაა. მისი სისხლის სამართლის კოდექსში შეტანა ასევე წარმოშობს ფუნდამენტურ პრობლემას, რადგან სისხლის სამართალი მოითხოვს ობიექტურ ფაქტებს, ქმედებებს, შედეგებს, სისხლის სამართალი, როგორც წესი, კიცხავს ზიანის მომტან ქმედებას, რაც გამოიხატება მატერიალურ/ფიზიკურ შედეგში. აღქმა უკიდურესად სუბიექტურია, ის არამატერიალურია, ადამიანის აზრსა და დამოკიდებულებაშია.

“ექესტრემიზმის” მუხლის დისპოზიციის  ფორმულირება — „მიმართულია… არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ“ — დასჯადად აცხადებს  გამოხატვას, აზრის გახმოვანებას, რომელიც მიმართულია ასევე აზრის, შთაბეჭდილების, დამოკიდებულების ფორმირებისაკენ.

თუ პოლიტიკოსი ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა, შეიძლება ვთქვათ, რომ ის ამით ზოგადად ამკვიდრებს „არალეგიტიმურობის აღქმას“, რაც ბუნებრივია ნებისმიერ პოლიტიკურ, საზოგადოებრივი პროცესში ოპონირებისათვის.

მიზეზ-შედეგობრივი კავშირი: როგორ უნდა დავამტკიცოთ, რომ ადამიანებმა რომელიმე ორგანოს არალეგიტიმურობა დაიჯერა მაინცდამაინც  ერთი კონკრეტული ფიზიკური პირის მოწოდებების/განცხადებების გამო და არა სხვა ობიექტური გარემოებების (მაგ: კორუფციის, გაყალბებული არჩევნების მტკიცებულებები, ეკონომიკური კრიზისის და სხვა) თანხვედრის, არსებობის და გაანალიზების გამოც?

როგორ უნდა ვამტკიცოთ, რამდენად იყო ვინმეს გამოხატვა/მოწოდება „აღქმის დამამკვიდრებელი“ ძალის მქონე. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი სიტყვის ძალა დამოკიდებულია არა მხოლოდ მთქმელზე, არამედ მსმენელის მზაობაზე, განწყობაზე დაიჯეროს ესა თუ ის ნარატივი.

თუ აზრის გავრცელებას დამატებით დაეხმარა ამ აზრის მედია გაშუქება, ვის შეერაცხება ეს აღქმა _ მედიას თუ კონკრეტული აზრის გამხმოვანებელს?

„აღქმის დამკვიდრება“, ეს არის კოგნიტური და სოციალური ფენომენი. მისი გაზომვა წმინდა საპროცესო, სამართლებრივი მეთოდებით (მოწმეების ჩვენებები, ექსპერტიზა) შეუძლებელი და არასერიოზულია, რადგან ის:

  • არამატერიალურია;
  • სუბიექტურია;
  • მრავალფაქტორიანია (ათასობით მიზეზი განაპირობებს აღქმას).

არ არსებობს საპროცესო მექანიზმები სისხლის სამართლის პროცესში, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაასაბუთებს, დაამტკიცებს აღქმის დამკვიდრებას. წმინდად სუბიექტური და მეცნიერულად დაუსაბუთებელი აღქმების საფუძველზე პირის მსჯავრდების დაშვება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების ნგრევაა.

და ბოლოს, ესაა ფსიქოლოგიზაცია სამართალში. სამართალი მუშაობს ობიექტური ფაქტებით, აღქმა კი ადამიანის ფსიქიკაში მიმდინარე სუბიექტური პროცესია. შესაბამისად, კანონი სჯის არა ზიანის მომტან ქმედებას, არამედ „შთაბეჭდილების მოხდენას“, რაც სამართლებრივი პარადოქსია.

„ექსტრემიზმის“ ახალი მუხლი პრაქტიკულად ამბობს: „ხელისუფლების კრიტიკა აკრძალულია, თუ ეს ამომრჩეველს დააჯერებს, რომ ხელისუფლება იმსახურებს კრიტიკას, ან უფრო მარტივად, ის ცუდია და უნდა შეიცვალოს“.

 

VI. დანაშაულის სუბიექტი.

 

სუბიექტთა წრე ამ დანაშაულისათვის კანონმდებელმა უფრო ფართოდ განსაზღვრა, ვიდრე ეს არის სსკ-ის 317-ე მუხლში (მოწოდება ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისაკენ).

“ექსტრემიზმის” დანაშაულის სუბიექტია: (ა) საქართველოს მოქალაქე და სტატუსის მქონე პირი, ასევე (ბ) იურიდიული პირი.

იურიდიული პირის ქვეშ უნდა მოვიაზროთ როგორც სამეწარმეო სუბიექტი, ისე არაკომერციული იურიდიული პირი.

იურიდიული პირის პასუხისმგებლობისათვის “ექსტრემიზმის” მუხლში მითითებული აღქმის დამკვიდრებისაკენ მიმართული აზრი უნდა გამოხატოს იურიდიული პირის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლბამოსილმა პირმა,  პარტნიორმა, აქციონერმა, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ორგანოს წევრმა.

იურიდიული პირის პასუხისმგებლობას მოსდევს მისი ლიკვიდაცია და/ან ჯარიმა, რომლის მინიმალური ოდენობაა 100 000 ლარი. ფიზიკური პირი ისჯება 3 წლამდე თ/აღკვეთით.

პოლიტიკოსები არ თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან:

მუხლი არ ითვალისწინებს გამონაკლისებს მათთვის, ვინც უშუალოდ მონაწილეობს პოლიტიკაში და არის პოლიტიკური პარტიის წევრი. შესაბამისად, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრები სისხლის სამართლებრივად აგებენ პასუხს “ექსტრემიზმის” მუხლით ხელისუფლების კრიტიკისა და ნეგატიური აღქმების შექმნისათვის.

 

VII. რუსული სამართლის ანალოგები

 

სს კოდექსის ახალი მუხლი 3161-“ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ”, თავისი კონცეფციით ძალზე ახლოსაა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 280-ე (საჯარო მოწოდებები ექსტრემისტული საქმიანობისკენ) და 282-ე (სიძულვილის გაღვივება) მუხლებთან და მათი გამოყენების პრაქტიკასთან.

რუსეთის ფედერაციაში სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი ექსტრემისტული საქმიანობების იდენტიფიცირებისათვის გამოიყენებს “ექსტრემისტული საქმიანობის აკრძალვის შესახებ” კანონს, რომელიც, არ მოიცავს ჩვენი სისხლის სამართლის “ექსტრემიზმის” მუხლით შემოთავაზებული “არალეგიტიმურობის აღქმების დამკვიდრების” ზუსტ ტერმინოლოგიურ  ანალოგს.

მიუხედავად აღნიშნულისა, ხელისუფლების წარმომდგენელთა კრიტიკა და “სოციალური ჯგუფის” შეურაცხოფა, რუსეთის ფედერაციაში მაინც ხვდება “ექსტრემიზმის” დეფინიციაში, რომელიც მითითებული ცალკე კანონით რეგულირდება. რუსული სასამართლო პრაქტიკა „სოციალურ ჯგუფად“ განიხილავს პოლიციას, ჩინოვნიკებს ან ხელისუფლებას. შედეგად, ხელისუფლების კრიტიკა ფასდება როგორც „სიძულვილის გაღვივება სოციალური ჯგუფის (ჩინოვნიკების) მიმართ“ და მარტივად კვალიფიცირდება ექსტრემიზმად.

რუსეთის ფედერაციის სასამართლო პრაქტიკაში მთავრობის კრიტიკა საერთაშორისო არენაზე ასევე ხშირად ინტერპრეტირდება როგორც  „რუსეთის ინტერესების დაზიანება“.

ჩვენს სს კოდექსში შეტანილ ახალ ნორმაში გამოყენებული ტერმინი „აზიანებს საქართველოს ინტერესებს“ ზუსტად ამავე ინტერპრეტაციის მოლოდინს იწვევს. სავსებით მოსალოდნელია პრაქტიკაში მივიღოთ ამ ტერმინის ასეთივე ინტერპრეტაციით გამოყენება, ანუ მთავრობის კრიტიკა საერთაშორისო არენაზე მიჩნეულ იქნება საქართველოს ინტერესების დამაზიანებელ ქმედებად, რაც მიმართულია მისი არალეგიტიმურობის აღქმის დამკვიდრებისაკენ.

 

VIII.  „აღქმის შექმნა“_ რუსული პრაქტიკის იმპლანტი ქართულ სამართალში

 

2022 წლის 25 მარტს რესეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლებმაც „დისკრედიტაციისა“ და „ფეიკების“ მუხლის დაცვის ქვეშ მოაქცია რუსეთის ნებისმიერი სახელმწიფო ორგანოს საქმიანობა და შეიძლება ითქვას, რომ  2022 წლიდან შემოღებული „ფეიკების“ და „დისკრედიტაციის“ შესახებ მუხლებით (УК РФ 207.3 და 280.3), რუსეთმა პრაქტიკულად დააკანონა “აღქმის კონტროლი”, თუმცა ამ ქვეყნის კანონმდებლობაში “აღქმის კონტროლი” შენიღბულია სიტყვა “დისკრედიტაციით”, რაც ასევე სუბიექტური აღქმის იდეოლოგიური იარაღია.

რუსულ კანონში „დისკრედიტაცია“ არის ინსტრუმენტი, რომლითაც სახელმწიფო ადგენს:

  1. რა არის „პოზიტიური“ აღქმა: (სახელმწიფოს ოფიციალური პოზიცია).
  2. რა არის „კრიმინალური-აკრძალული“ აღქმა: (ნებისმიერი სხვა ალტერნატიული ხედვა).

შესაბამისად, რუსულ სინამდვილეში სიტყვა „დისკრედიტაცია“ არის მხოლოდ სამართლებრივი საფარი იმისთვის, რომ მოხდეს საზოგადოებრივი აზრისა და აღქმის კონტროლი. სამწუხაროდ, ჩვენს შემთხვევაში ასეთი საფარია “კონსტიტუციური წყობის არალეგიტიმურობა”.

(ა) რუსული საგამოძიებო/სასამართლო პრაქტიკის “ნოუ-ჰაუ”, რაც მოსალოდნელია დამკვიდრდეს ქართულ პრაქტიკაში.

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო ორგანოები განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნის საქმეებზე, როგორც წესი, მიმართავენ ე.წ „სასამართლო-ლინგვისტურ ექსპერტიზას“ და  ექსპერტებისთვის გაგზავნილ კითხვებში ხშირად ნახავთ ამგვარ ფორმულირებას:

„შეიცავს თუ არა მოცემული ტექსტი ინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს ხელისუფლების ორგანოთა მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების (восприятие) ჩამოყალიბებას ან მათი ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენებას?“

ექსპერტიზის დასკვნაში კი ნახავთ შემდეგ მსჯელობას/დასკვნას:

“ტექსტში გამოყენებული ეპითეტები (მაგალითად, “კორუმპირებული”, “აგრესორი”, ალეგიტიმური”) ქმნის ხელისუფლების, როგორც “მტრის ხატს”. ასევე, “ავტორი იყენებს “ფსიქოლოგიურ მანიპულაციას”, რათა მკითხველს ჩამოუყალიბოს უნდობლობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, რაც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ

სტაბილურობას”. სასამართლო-ლინგვისტური ექსპერტიზის დასკვნით ნაწილში წერია:  დასკვნა: “მტრობის გაღვივება”, “ინფორმაციული ზემოქმედება”[2].

ამგვარი საექსპერტო დასკვნების საფუძველზე, რითიც დადგენილია ნეგატიური განწყობები, რუსეთის ფედერაციის პროკურატურა სხვადასხვა აქტიურ და ოპოზციურად განწყობილ მოქალაქეებს წარუდგენს ხოლმე ბრალდებებს სსკ-ის სხვადასხვა მუხლებით:

  • მუხლი 207.3 (ფეიკები არმიის შესახებ): თუ ნეგატიური განწყობა ეხება ომს ან ჯარს. კვალიფიკაცია ხდება “პოლიტიკური სიძულვილის” მოტივით (რაც სასჯელს ამძიმებს).
  • მუხლი 280.3 (არმიის დისკრედიტაცია): თუ ექსპერტი იტყვის, რომ ტექსტი “აბეჩავებს” (умаляет) ხელისუფლების ან არმიის ავტორიტეტს.
  • მუხლი 282 (სიძულვილის გაღვივება): ხელისუფლება ან სამართალდამცავები “სოციალურ ჯგუფად” არიან მიჩნეული და მათი კრიტიკა ამ მუხლში ექცევა.
  • მუხლი 284.2 (მოწოდება სანქციებისკენ): თუ ნეგატიური განწყობა მიმართულია იქით, რომ უცხო ქვეყნებმა რუსეთს სანქციები დაუწესონ.

 

ყურადსაღები მაგალითები რუსეთის ფედერაციის პრაქტიკიდან:

 

(ა) ალექსეი ნავალნის საქმე, რომლის ორგანიზაცია რუსულმა სასამართლომ შერაცხა “ექსტრემისტულ ორგანიზაციად”.

ნავლნის საქმეში ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ნავალნის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის (FBK) ვიდეოები მიზნად ისახავდა “ხელისუფლების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენებას” და “სოციალური შუღლის გაღვივებას ჩინოვნიკების მიმართ”.

(ბ) ცნობილი საქმე “ბლოგერების” წინააღმდეგ, სადაც სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტი “პოლიცია არ გვიცავს” ექსპერტიზამ და შემდგომ სასამართლომ შეაფასა როგორც “სამართალდამცავი ორგანოების დისკრედიტაცია”, რადგან ის აყალიბებს ნეგატიურ აღქმას (восприятие).

შესაბამისად, აზრის და გამოხატვის კონტროლისა და დანაშაულად შერაცხვისათვის რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების რეპრესიულ პრაქტიკაში არსებობს კარგად დამკვიდრებული “საპროცესო” ინსტრუმენტები, რომლის საშაულებითაც პოლიტიკურ კრიტიკას “ექსტრემიზმად” აქცევენ.

 

IX. დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტი

 

სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობილების „არალეგიტიმურობის აღქმის დამკვიდრებას“, როგორც ექტრემიზმის ფორმას, არ იცნობს დემოკრატიული ქვეყნების კანონმდებლობები. მშვიდობიანი, არაძალადობრივი გამოხატვის „ექსტრემიზმად“ მოხსენიება უცხოა დემოკრატიული, ევროპული ქვეყნების სამართლისთვის, მათი უმეტესობა იყენებს არა „ექსტრემიზმის“ ზოგად ტერმინს, არამედ „დემოკრატიული წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის“ ცნებას.

(1) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, ECHR-ის სტანდარტი

მთავარ “ფარს” იმ ტიპის რეპრესიული მუხლის წინააღმდეგ, რომელიც “აღქმის დამკვიდრებას” სჯის, წარმოადგენს ევროპული სასამართლოს ჯერ კიდევ 1992 წლის  ფუნდამენტური გადაწყვეტილება საქმეზე Castells v. Spain, რომელშიც ის განმარტავს, რომ „მთავრობის მიმართ დასაშვები კრიტიკის ფარგლები უფრო ფართოა, ვიდრე კერძო პირის მიმართ. დემოკრატიულ სისტემაში ბუნებრივი მოვლენაა, რომ მთავრობის მოქმედებები დაექვემდებაროს მკაცრ და სკულპულოზურ შეფასებას საზოგადოების მხრიდან.“ ხელისუფლების „არალეგიტიმურად“ მოხსენიება დაცულია გამოხატვის თავისუფლებით, თუ ის არ შეიცავს ძალადობის პირდაპირ საფრთხეს.

ECHR-ს მიერ დამკვიდრებულია „მყისიერი საფრთხის“ (Proximity and Magnitude) პრინციპი.

  • საქმე Perinçek v. Switzerland (2015): სასამართლომ განმარტა, რომ იმისათვის, რათა სიტყვა დაისაჯოს, უნდა არსებობდეს „მყისიერი საფრთხე“ (Actual risk), რომ ეს სიტყვა გამოიწვევს ძალადობას ან არეულობას. მშვიდობიანი მოწოდება დაუმორჩილებლობისკენ (მაგ. საგადასახადო ბოიკო, აქციები) დაცულია გამოხატვის თავისუფლებით.
  • საქმე Savva Terentyev v. Russia (2018), რომელიც ეხებოდა ხელისუფლების კონსტიტუციური ორგანოს – სამართალდამცავის სტრუქტურის მიმართ ვულგარულ კრიტიკას („რეჟიმის ერთგული ძაღლები“) წინასაარჩევნო კამპანიის დროს ოპოზიციის დემონსტრაციების დაშლის გამო, სასამართლომ დაადგინა, რომ „ხელისუფლების ან მისი რომელიმე სტრუქტურისადმი ნეგატიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება (რაც ჩვენს შემთხვევაში „არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებად“ შეიძლება შეფასდეს) ვერ იქნება სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი”.

(2) ვენეციის კომისიის სტანდარტი

ვენეციის კომისიამ ჯერ კიდევ 2012 წელს იმსჯელა რუსეთის ფედერაციის კანონზე “ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ” და თავის ფუნდამენტურ დასკვნაში (CDL-AD(2012)016) ჩამოაყალიბა ე.წ. „ოქროს სტანდარტი“:

  • Necessity of Violence: ექსტრემიზმის განმარტება უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ იმ ქმედებებით, რომლებიც მოიცავს ძალადობას ან ძალადობისკენ პირდაპირ წაქეზებას/მოწოდებას.

„არალეგიტიმურობის აღქმის დამკვიდრება“ ან „დაუმორჩილებლობისკენ მოწოდება“ (თუ ის არ არის ძალადობრივი) არის პოლიტიკური გამოხატვის ფორმა.

„იმისათვის, რომ გამოხატვა კლასიფიცირდეს როგორც “ექსტრემისტული”, ის უნდა იყოს დაკავშირებული ძალადობასთან. მშვიდობიანი ადვოკატირება კონსტიტუციური ცვლილებებისა, თუნდაც ეს რადიკალურად ცვლიდეს სახელმწიფო წყობას, დაცულია გამოხატვის თავისუფლებით.“ (პარაგრაფი 36).

კომისიის მტკიცებით, დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თავისი ლეგიტიმურობა პოლიტიკური დებატებით და არა სისხლისსამართლებრივი რეპრესიით.

ა) სუბიექტურობა vs ობიექტურობა

ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ სისხლის სამართლის ნორმა არ შეიძლება ეყრდნობოდეს სუბიექტურ „აღქმებს“. კანონი უნდა სჯიდეს კონკრეტულ ქმედებას და არა იმას, თუ რა შთაბეჭდილება დატოვა ამ ქმედებამ საზოგადოებაზე.

კომისია განმარტავს, რომ:

აღქმა სუბიექტურია: სახელმწიფოს არ შეუძლია აკონტროლოს, თუ რა აღქმა ჩამოუყალიბდება ადამიანს კრიტიკის მოსმენისას.

გარდა აღნიშნულისა, ოპოზიციის არსებობის აზრი სწორედ იმაშია, რომ ხალხში ჩამოაყალიბოს აღქმა, რომ მოქმედი ხელისუფლება არის არაეფექტური ან მისი ქმედებები არალეგიტიმურია (მაგალითად, კონსტიტუციის დარღვევის გამო).

ბ) ხელისუფლების კრიტიკის უფლება

დასკვნაში მითითებულია, რომ ხელისუფლების ორგანოების „არალეგიტიმურობაზე“ საუბარი პოლიტიკური დებატების განუყოფელი ნაწილია.

  • თუ პირი ამბობს, რომ „ეს პარლამენტი არალეგიტიმურია, რადგან არჩევნები გაყალბდა“, ეს არის პოლიტიკური შეფასება.
  • კომისია ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ხელისუფლების ლეგიტიმურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არის პოლიტიკური ბრძოლის ლეგიტიმური ინსტრუმენტი და მისი „ექსტრემიზმად“ მონათვლა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლს.

(გ) ვენეციის კომისიამ არაერთხელ განმარტა (განსაკუთრებით რუსეთის კანონზე დასკვნაში), რომ:

„ექსტრემიზმის“ დეფინიცია უნდა იყოს ძალიან ვიწრო და აუცილებლად უნდა შეიცავდეს ძალადობის ელემენტს. თუ კანონი სჯის „ექსტრემიზმს“ ძალადობის გარეშე (მაგალითად, მხოლოდ ხელისუფლების არაღიარების გამო, ისე როგორც ეს საქართველოს სსკ-ის 316-ე მუხლითაა გათვალისწინებული), ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა.

დემოკრატიულ ქვეყნებში “ექსტრემიზმთან” ახლოს მყოფი დანაშაულები აუცილებლად გულისხმობს ძალადობას ან ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ უარყოფას (ნაციზმი/რასიზმი).

საქართველოში ინიცირებული ცვლილებებით სს კოდექსში ექსტრემიზმი, ესაა ხელისუფლების კრიტიკა, მისდამი დაუმორჩილებლობა და მისი ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება.

 

X. წინააღმდეგობა სისხლის სამართლებრივ პრინციპებთან

 

„ექსტრემიზმის“ მუხლი ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

  1. ულტიმა რაციო (Ultima Ratio — „უკიდურესი საშუალება“) – სისხლის სამართლის უმთავრესი პინციპი.

ულტიმა რაციო სისხლის სამართლის ყველაზე ჰუმანური პრინციპია და მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფო სისხლისსამართლებრივ რეპრესიას მხოლოდ მაშინ უნდა მიმართავდეს, როდესაც ყველა სხვა საშუალება ამოწურულია.

  1. სისხლის სამართალს აქვს დამხმარე (სუბსიდიური) ბუნება

სახელმწიფოს აქვს კონტროლის სხვადასხვა მექანიზმი მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებზე: სამოქალაქო ჯარიმები, ადმინისტრაციული სანქციები, დისციპლინური პასუხისმგებლობა. “ულტიმა რაციოს” პრინციპის მიხედვით, თუ კონკრეტული სოციალური პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, მაგალითად, მხოლოდ ზიანის ანაზღაურებით (სამოქალაქო სამართალი), მაშინ სისხლის სამართლის მოხმობა/გამოყენება დაუშვებელია.

  1. სამართლებრივი სიკეთის დაცვა (Rechtsgut)

სისხლის სამართალი უნდა იცავდეს მხოლოდ უმნიშვნელოვანეს სამართლებრივ სიკეთეს/ღირებულებას: სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, სახელმწიფოებრიობას, საკუთრებას.

სამართლებრივი სახელწმიფოს პრინციპი – ნორმის განსაზღვრულობა (Legal Certainty)

სისხლის სამართლის უმთავრესი პრინციპია, რომ კანონი უნდა იყოს ნათელი, პროგნოზირებადი და მკაფიო (Nullum crimen sine lege).

“ექსტრემიზმის” მუხლში ჩამოთვლილი და სინამდვილეში კი გამოხატვის თავისუფლებით დაცული ქმედებების კრიმინალიზაციით, რომელიც თითქოსდა ზიანს აყენებს ბუნდოვან „ლეგიტიმურობას“, კანონმდებელმა უგულვებელყო ყველა ზემოაღნიშნული სამართლებრივი პრინციპი და სისხლის სამართლებრივი რეგულირება გამოიყენა როგორც „ინსტრუმენტი“საზოგადოებრივი აზრის კონტროლისთვის, რაც დემოკრატიულ სამართალებრივ სისტემებში დაუშვებელია.

თუ პირი ამბობს: „ეს მთავრობა არალეგიტიმურია“, ყველა დემოკრატიული სტანდარტის თანახმად, ის სარგებლობს გამოხატვის თავისუფლების დაცული უფლებით.

“ექსტრემიზმის” მუხლის მიღება და ამოქმედება საქართველოში ნიშნავს ქვეყნის სამართლებრივი სისტემის გადაყვანას იმ მოდელზე, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჯერ კიდევ 1992 წელს გამოაცხადა დემოკრატიასთან შეუსაბამოდ.

 

[1] აღსანიშნავია, რომ ამავე ცვლილებებით კოდექსში შემოტანილია „საჯარო პოლიტიკური აქტივობის“ ცნება, რაც განხილულია ჩვენს სხვა კვლევაში. იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://blb.ge/ka/%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%ae%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0/

[2] ჩვენს შემთხვევაში სავარუდოდ დასკვნა იქნება “კონსტიტუციური წყობის არალეგიტიმურობის აღქმა”.