შრომითი მიგრაციის კანონმდებლობაში 2026 წლის 01 მარტიდან ამოქმედებული ახალი ცვლილებების მიმოხილვა

საქართველოს შრომითი მიგრაციის კანონმდებლობაში განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება – კერძოდ, ცვლილებები შევიდა საქართველოს შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში („ახალი კანონი“) და ამასთან, საქართველოს მთავრობის მიერ გამოიცა 2026 წლის 20 თებერვლის №70 დადგენილება („დადგენილება“). “დადგენილება” დეტალურად არეგულირებს ახლად დანერგილ პროცედურებს, რომლებიც საქართველოში რეგისტრირებულმა კომპანიებმა რიგ შემთხვევებში უნდა გაიარონ. როგორც საქართველოს შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში შესული ცვლილებები(“ახალი კანონი”), ასევე დადგენილება” ამოქმედდა 2026 წლის 1 მარტიდან. ქვემოთ წარმოდგენილია შრომითი მიგრაციის კანონმდებლობაში შესული ყველა ძირითადი ცვლილების მოკლე მიმოხილვა.

“ახალი კანონი” შრომითი იმიგრანტებისთვის ახალ, ძირითად მოთხოვნას აწესებს. 2026 წლის 1 მარტიდან, იმისათვის, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გააგრძელონ შრომითი საქმიანობა ან მომსახურების გაწევა საქართველოში, ყველა შრომითი იმიგრანტი ვალდებულია, მოიპოვოს:

  1. შრომითი საქმიანობის უფლება (“საქმიანობის უფლება”) და
  2. D1 ვიზა ან შრომითი ბინადრობის ნებართვა (“შრომითი ბინადრობის ნებართვა”) (D1 ვიზის/”შრომითი ბინადრობის ნებართვის” მიღება სავალდებულო არ არის, თუ მათ უკვე აქვთ სხვა ტიპის ბინადრობის ნებართვა, ან ისინი შრომით/სამეწარმეო საქმიანობას სრულად დისტანციურად ახორციელებენ და ეს საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე მათ შემოსვლას არ საჭიროებს).

შრომითი მიგრაციის კანონმდებლობაში ცვლილებებამდე, შრომითი იმიგრანტი განისაზღვრებოდა, როგორც უცხოელი დასაქმებული, რომელიც „საქართველოში შემოდის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით”.

“ახალი კანონი” შრომითი იმიგრანტის უფრო დეტალურ განმარტებას აწესებს. ახალი განმარტების თანახმად, ზემოთ აღწერილი, უცხოელი დასაქმებულის გარდა, ტერმინი „შრომითი იმიგრანტი“ ახლა ასევე მოიცავს როგორც სრულიად დისტანციურად მომუშავე უცხოელ დასაქმებულს (ერთობლივად – “უცხოელი დასაქმებული”), ასევე თვითდასაქმებულ უცხოელს (“თვითდასაქმებული უცხოელი”).

“თვითდასაქმებული უცხოელი” წარმოადგენს შრომითი იმიგრანტის ახალ ტიპს. “ახალი კანონი” ამ კატეგორიის ფართო განმარტებას იძლევა – მის თანახმად, გარდა უცხოელი ფრილანსერი ფიზიკური პირებისა, რომლებსაც მომსახურების ხელშეკრულება აკავშირებთ ქართულ კომპანიასთან, ეს განმარტება შესაძლოა მოიცავდეს აგრეთვე ქართული კომპანიის უცხოელ დირექტორებს, დირექტორთა საბჭოს წევრებს და პარტნიორებს/აქციონერებს.

ვინაიდან პარტნიორების/აქციონერებისა და მმართველი ორგანოების წევრების ამ განმარტების ქვეშ მოქცევამ შესაძლოა ქართული კომპანიებისთვის დამატებითი რეგულაციური ტვირთი შექმნას, “ახალი კანონის” შესაბამისი დანაწესების ფარგლების სწორი ინტერპრეტირების მიზნით, წერილობითი განმარტება იქნა მოთხოვნილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან („შრომის სამინისტრო“), რომელმაც მისი № MOH 1 25 01483701 წერილით დაადასტურა, რომ “თვითდასაქმებული უცხოელის” განმარტება მოიცავს ქართული კომპანიების მმართველი ორგანოების უცხოელ წევრებს, აგრეთვე ქართული კომპანიების უცხოელ პარტნიორებს/აქციონერებს.

გარდამავალი პერიოდები

ამდენად, 2026 წლის 1 მარტიდან, ზემოხსენებული ყველა პირი – ანუ ყველა შრომითი იმიგრანტი ვალდებულია მოიპოვოს “საქმიანობის უფლება” და, შესაბამის შემთხვევებში, ასევე “შრომითი ბინადრობის ნებართვა”/D1 ვიზა. თუმცა, შესაბამის ვადებთან დაკავშირებით, შრომითი მიგრაციის ახალი კანონმდებლობა ადგენს გარკვეულ გამონაკლისებს, კერძოდ:

“ახალი კანონი” ადგენს გარდამავალ პერიოდს იმ შრომითი იმიგრანტებისთვის, რომლებიც 1 მარტამდე უკვე რეგისტრირებულნი არიან შრომითი იმიგრაციის პორტალზე („პორტალი“) —შრომითი იმიგრანტებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ვებგვერდზე (https://labourmigration.moh.gov.ge/). პირებს, რომლებსაც ამ პორტალზე 1 მარტის მდგომარეობით აქვთ აქტიური რეგისტრაციის სტატუსი, ეძლევათ ვადა 2027 წლის 1 იანვრამდე, რათა დააკმაყოფილონ ახალი მოთხოვნები (მოიპოვონ “საქმიანობის უფლება” და საჭიროების შემთხვევაში, “შრომითი ბინადრობის ნებართვა”).

რაც შეეხება “თვითდასაქმებულ უცხოელებს” (ფრილანსერები, დირექტორები, პარტნიორები), “დადგენილება” მათთან მიმართებით ადგენს კიდევ ერთ გარდამავალ პერიოდს — მათთან მიმართებით “ახალი კანონითა” და “დადგენილებით” დადგენილი მოთხოვნების („ახალი მოთხოვნები“) აღსრულების პროცესი არ დაიწყება 2026 წლის 1 მაისამდე. ეს ნიშნავს, რომ “ახალი მოთხოვნების” დასაკმაყოფილებლად “თვითდასაქმებულმა უცხოელებმა” (ფრილანსერები, დირექტორები, პარტნიორები) “საქმიანობის უფლების” მოპოვების მიზნით განაცხადი შესაბამისი ვებგვერდის (https://self-employment.moh.gov.ge/) (“თვითდასაქმებულების პორტალი”) მეშვეობით 2026 წლის 1 მაისამდე უნდა გააგზავნონ.

მარეგულირებელი ორგანოები და პასუხისმგებლობა

“ახალი მოთხოვნების” აღსრულებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოებია “შრომის სამინისტრო” და მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი — დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო („სააგენტო“).

რაც შეეხება “ახალ მოთხოვნებთან” შეუსაბამობისთვის გათვალისწინებულ შესაბამის პასუხისმგებლობას, “თვითდასაქმებული უცხოელის” მომსახურებით სარგებლობა ან “უცხოელი დასაქმებულის” დასაქმება, რომელსაც არ აქვს “საქმიანობის უფლება”, იწვევს ერთჯერადი ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრებას 2 000 ლარის ოდენობით. ჯარიმა ცალ-ცალკე ეკისრება თითოეულ მხარეს, კერძოდ: “თვითდასაქმებულ უცხოელს” ან “უცხოელ დასაქმებულს”, ასევე კომპანიას, რომელიც იღებს ასეთი პირის მომსახურებას ან ასაქმებს მას.

ქვემოთ მოცემულია პროცედურები, რომლებიც “ახალი მოთხოვნების” შესასრულებლად, ქართულმა კომპანიებმა და შრომითმა იმიგრანტებმა უნდა დაიცვან.

 

განაცხადი “საქმიანობის უფლებაზე” – ზოგადი დეტალები

“საქმიანობის უფლების” მოპოვების მიზნით შესაბამისი განაცხადის წარდგენის პროცედურა დამოკიდებულია შრომითი იმიგრანტის კატეგორიაზე, იქნება ეს “უცხოელი დასაქმებული” თუ “თვითდასაქმებული უცხოელი” (ფრილანსერები, დირექტორები, პარტნიორები).

ყველა შრომითი იმიგრანტის შემთხვევაში “საქმიანობის უფლებაზე” განაცხადი უნდა წარედგინოს “სააგენტოს” ელექტრონულად – “პორტალის” ან “თვითდასაქმებულების პორტალის” მეშვეობით. “საქმიანობის უფლებაზე” განაცხადისთვის საჭირო თანდართული დოკუმენტები მიმოხილულია ქვემოთ.

“სააგენტოს” მიერ “საქმიანობის უფლებაზე” განაცხადის განხილვის საფასური:

  • სტანდარტული პროცედურა: 200 ლარი, განხილვის ვადა — 30 კალენდარული დღე სრული დოკუმენტაციის მიღების დღიდან.
  • დაჩქარებული პროცედურა: 400 ლარი, განხილვის ვადა — 10 სამუშაო დღე სრული დოკუმენტაციის მიღების დღიდან.

“საქმიანობის უფლებაზე” განაცხადის დეტალები “თვითდასაქმებული უცხოელებისთვის”

“საქმიანობის უფლების” მოსაპოვებლად “თვითდასაქმებულმა უცხოელებმა” თავად (და არა კომპანიის მეშვეობით) უნდა წარადგინონ “საქმიანობის უფლებაზე” განაცხადი “სააგენტოში” ელექტრონულად – “თვითდასაქმებულების პორტალის” საშუალებით. დოკუმენტაცია, რომელიც უნდა ერთვოდეს “საქმიანობის უფლებაზე” განაცხადს, მოცემულია “დადგენილების” დანართ 2-ში.

“საქმიანობის უფლებაზე” განაცხადის წარდგენისა და შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ, “თვითდასაქმებული უცხოელები” ვალდებულნი არიან, გაიარონ ვიდეო ინტერვიუ “სააგენტოსთან”. ინტერვიუს დროს მათ შეიძლება თხოვონ ინფორმაციის წარმოდგენა საქართველოში მათი შრომითი ან სამეწარმეო საქმიანობის მოცულობისა და შინაარსის შესახებ, აგრეთვე შესაბამის სფეროში მათი სპეციალური ცოდნის შესახებ.

ვიდეოინტერვიუს შემდეგ, წარმატების შემთხვევაში, “თვითდასაქმებული უცხოელი” მოიპოვებს “საქმიანობის უფლებას” 6-12 თვემდე ვადით. მოპოვებული “საქმიანობის უფლების” მოქმედების ხანგრძლივობა შეიძლება დამოკიდებული იყოს “თვითდასაქმებულ უცხოელსა” და ქართულ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების ვადაზე, ან პირის ჩართულობაზე კომპანიის სამეწარმეო ან შრომით საქმიანობაში. თუმცა, აღნიშნული ფაქტორების მიუხედავად, “საქმიანობის უფლების” ვადა არ აღემატება 1 წელს.

“თვითდასაქმებულ უცხოელს” შეუძლია მოითხოვოს “საქმიანობის უფლების” ვადის გაგრძელება, “სააგენტოსთვის” “თვითდასაქმებულთა პორტალის” მეშვეობით “საქმიანობის უფლებაზე” განახლებული განაცხადის წარდგენით, მოქმედი ნებართვის ვადის ამოწურვამდე მინიმუმ 30 დღით ადრე. ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებული პროცედურის ფარგლებში, პირი არ არის ვალდებული გაიაროს ზემოთ აღწერილი ვიდეოინტერვიუ.

“საქმიანობის უფლებაზე” განაცხადის დეტალები “უცხოელი დასაქმებულებისთვის”

“ახალი კანონის” თანახმად, “საქმიანობის უფლების” მოპოვების პროცედურა იმ უცხოელი დასაქმებულებისთვის, რომლებიც უკვე რეგისტრირებულნი არიან “პორტალში” 2026 წლის 1 მარტამდე („მოქმედი უცხოელი დასაქმებულები“), განსხვავდება იმ ახალი უცხოელი დასაქმებულებისგან, რომლებიც დასაქმდებიან ახალი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ („ახალი უცხოელი დასაქმებულები“). თუმცა, ამ მიმართულებით დამკვიდრებული პრაქტიკის არარსებობის გამო, სრულად არ შეიძლება გამოირიცხოს ის შესაძლებლობა, რომ “სააგენტომ” პროცედურა განსხვავებულად განმარტოს და შესაბამისად ყველა “უცხოელი დასაქმებული” დაუქვემდებაროს ახალ, უფრო კომპლექსურ პროცედურას.

 

პროცედურა “მოქმედი უცხოელი დასაქმებულებისთვის”

იმისათვის, რომ დამსაქმებელმა მოიპოვოს “საქმიანობის უფლება” თავისი “მოქმედი უცხოელი დასაქმებულისთვის” (რომელიც უკვე რეგისტრირებულია პორტალში 2026 წლის 1 მარტამდე), დამსაქმებელი ელექტრონულად — “პორტალის” მეშვეობით, “სააგენტოს” წარუდგენს დასაქმებულის “საქმიანობის უფლებაზე” განაცხადს. დასაქმებულის “საქმიანობის უფლებაზე” განაცხადი უნდა მოიცავდეს შესაბამის დოკუმენტაციას, რომელიც მოცემულია “დადგენილების” დანართ 1-ში. განაცხადის “სააგენტოში” წარდგენისა და დამსაქმებლის მიერ შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ, განაცხადის წარმატების შემთხვევაში, “საქმიანობის უფლებას” “უცხოელი დასაქმებული” მოიპოვებს მისი შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული დასაქმების ვადით, თუმცა არაუმეტეს ერთი წლისა.

 

პროცედურა “ახალი უცხოელი დასაქმებულებისთვის”

თუ ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი კონკრეტული გამონაკლისი („კონკრეტული გამონაკლისები“) არ მოქმედებს, “დადგენილებით” დანერგილი ახალი პროცედურის შესაბამისად, სანამ ქართული კომპანია გადაწყვეტს “უცხოელი დასაქმებულის” დასაქმებას, ის ვალდებულია, პირველ რიგში გამოაქვეყნოს შესაბამისი ვაკანსია ახლად შექმნილ ვებგვერდზე (www.worknet.moh.gov.ge).

ვაკანსიის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში “სააგენტო” დამსაქმებელს, იმავე ვებგვერდის მეშვეობით, წარუდგენს დასაქმებულის მიერ განთავსებული ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამის ადგილობრივ კანდიდატებს. თუ დამსაქმებელი უარს იტყვის შემოთავაზებულ კანდიდატებზე, მან ამის შესახებ დასაბუთებული განმარტება უნდა წარადგინოს 3 კალენდარული დღის განმავლობაში. დამსაქმებლის დასაბუთების მიღებიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში “სააგენტო” მიიღებს გადაწყვეტილებას “საქმიანობის უფლების” მოპოვების პროცედურის გაგრძელების ან შეწყვეტის შესახებ (დამატებითი დეტალებისთვის იხილეთ „დამატებითი რეგულაციები“).

თუ “სააგენტო” გადაწყვეტს პროცედურის გაგრძელებას, დამსაქმებელი უფლებამოსილი ხდება, თავისი მომავალი დასაქმებულისთვის “საქმიანობის უფლების” მოსაპოვებლად, მიმართოს “სააგენტოს” დასაქმებულის “საქმიანობის უფლებაზე” განაცხადით და “დადგენილების” დანართ 1-ში ჩამოთვლილი თანდართული დოკუმენტაციით, ელექტრონულად — “პორტალის” მეშვეობით.

ორივე ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, “საქმიანობის უფლებაზე” განაცხადის წარდგენისა და დამსაქმებლის მიერ შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ, “საქმიანობის უფლებაზე” განაცხადის წარმატების შემთხვევაში, “უცხოელი დასაქმებული” მოიპოვებს “საქმიანობის უფლებას” მისი შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული დასაქმების ვადით, თუმცა არაუმეტეს ერთი წლისა.

დამსაქმებელს შეუძლია მოითხოვოს “უცხოელი დასაქმებულისთვის” მინიჭებული “საქმიანობის უფლების” ვადის გაგრძელება, დასაქმებულის “საქმიანობის უფლებაზე” განახლებული განაცხადის “სააგენტოსთვის” “პორტალის” მეშვეობით წარდგენით, მოქმედი “საქმიანობის უფლების” ვადის ამოწურვამდე მინიმუმ 30 დღით ადრე. “ახალი კანონის” ტექსტის ანალიზი მიუთითებს, რომ ვადის გაგრძელების პროცედურაში დამსაქმებელს არ მოეთხოვება დაიცვას ის პროცედურა, რომელიც ვრცელდება “ახალ უცხოელ დასაქმებულებზე”, მათ შორის ვაკანსიის გამოქვეყნების მოთხოვნა და მასთან დაკავშირებული, ზემოთ აღწერილი ეტაპები.

 

კონკრეტული გამონაკლისები

“ახალი უცხოელი დასაქმებულებისთვის” დადგენილი ახალი პროცედურა არ ვრცელდება ქვემოთ – “კონკრეტულ გამონაკლისებში” ჩამოთვლილ “ახალ უცხოელ დასაქმებულებზე”:

  1. “ახალი უცხოელი დასაქმებულები”, რომლებსაც აქვთ საერთაშორისო კომპანიის სტატუსი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით ან ინოვაციური სტარტაპის სტატუსი საქართველოს ინოვაციების შესახებ კანონის მიხედვით.
  2. “ახალი უცხოელი დასაქმებულები”, რომლებიც არიან საერთაშორისო ექსპერტები განათლების სფეროში.

iii. “ახალი უცხოელი დასაქმებულები”, რომლებიც უნდა დასაქმდნენ ისეთ პოზიციებზე, სადაც მთლიანი თვიური ხელფასი არანაკლებ 15 000 ლარია და რომელიც მოითხოვს უმაღლეს განათლებას იმ სფეროში, რომელიც დაკავშირებულია შესასრულებელ სამუშაოსთან.

თუმცა, გარკვეული გარემოებების არსებობისას — კერძოდ, „ადგილობრივი შრომითი ბაზრის საჭიროებების გათვალისწინებით” (როგორც ეს აღნიშნულია “დადგენილებაში”), “სააგენტო” ინარჩუნებს დისკრეციას, არ გამოიყენოს ეს გამონაკლისი იმ “ახალი უცხოელი დასაქმებულების” მიმართ, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ კრიტერიუმს: 15 000 ლარის ხელფასის ზღვარი და უმაღლესი განათლების მოთხოვნა.

“ახალი უცხოელი დასაქმებულები”, რომლებიც ექცევიან ზემოთ ჩამოთვლილ, “კონკრეტულ გამონაკლისებში”, “საქმიანობის უფლების” მოსაპოვებლად მიმართვას წარადგენენ იმ პროცედურის შესაბამისად, რომელიც დადგენილია “მოქმედი უცხოელი დასაქმებულებისთვის”.

“შრომითი ბინადრობის ნებართვა” / D1 ვიზის განაცხადის დეტალები

“საქმიანობის უფლების” მოპოვებიდან 10 დღის განმავლობაში, თუ შრომითი იმიგრანტი იმყოფება საქართველოში, მან უნდა მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ — სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს („სახელმწიფო სერვისების სააგენტო“) “შრომითი ბინადრობის ნებართვის” მოპოვების მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას უკვე აქვს სხვა ტიპის ბინადრობის ნებართვა ან თუ ის შრომით/სამეწარმეო საქმიანობას სრულად დისტანციურად ახორციელებს და ეს საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე მის შემოსვლას არ საჭიროებს. “შრომითი ბინადრობის ნებართვა” გაიცემა “სახელმწიფო სერვისების სააგენტოს” მიერ სრული დოკუმენტაციის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში, “საქმიანობის უფლების” ვადის ხანგრძლივობით.

“საქმიანობის უფლების” მოპოვებიდან 30 დღის განმავლობაში, თუ შრომითი იმიგრანტი საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფება, მან უნდა მიმართოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს D1 ვიზის მისაღებად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას უკვე აქვს სხვა მოქმედი ტიპის ბინადრობის ნებართვა ან თუ ის შრომით/სამეწარმეო საქმიანობას სრულად დისტანციურად ახორციელებს და ეს საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე მის შემოსვლას არ საჭიროებს. D1 ვიზა გაიცემა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ “საქმიანობის უფლების” ვადის ხანგრძლივობით.

 

დამატებითი რეგულაციები

თუ სააგენტო უარს იტყვის “საქმიანობის უფლების” გაცემაზე “საქმიანობის უფლებაზე” განაცხადის განხილვის შემდეგ, ან შეწყვეტს “საქმიანობის უფლების” მოპოვების პროცედურას შემდეგი საფუძვლებით:

ა) დადგენილ ვადებში “საქმიანობის უფლებაზე” სრულყოფილი განაცხადის (მათ შორის თანდართული დოკუმენტაციის) წარუდგენლობა; ან

ბ) “სააგენტოს” მიერ შეთავაზებული კანდიდატებზე უარის თქმისთვის საჭირო, სათანადო დასაბუთების წარუდგენლობა,

შრომით იმიგრანტს აეკრძალება “საქმიანობის უფლების” მოპოვების მიზნით “სააგენტოსთვის” ხელახლა მიმართვა 1 თვის ვადით.

რაც შეეხება “თვითდასაქმებულ უცხოელებს”, “საქმიანობის უფლების” გაუქმების ერთ-ერთი საფუძველია პირის მიერ საქართველოს საზღვრების 6 თვეზე მეტი პერიოდით დატოვება. ამჟამად, არც “ახალი კანონი” და არც “დადგენილება” არ განმარტავს, როგორ გავრცელდება ეს დანაწესი იმ “თვითდასაქმებულ უცხოელებზე”, რომელთა სამუშაო სრულად დისტანციურია და რომელთა საქმიანობაც საქართველოს ტერიტორიაზე მათ შემოსვლას არ საჭიროებს