BLB represents Nona Gaprindashvili against Netflix

BLB ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს იცავს ნეტფლიქსის წინააღმდეგ დავაში

BLB, ამერიკელ კოლეგებთან ერთად, იცავს ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს Netflix-ის წინააღმდეგ აშშ-ში, კალიფორნიის შტატში ინიცირებულ სასამართლო დავაში.

დავა შეეხება Netflix-ის მიერ სერიალ The Queen’s Gambit-ის კულმინაციურ ეპიზოდში ჭადრაკის ქართველი დიდოსტატის უმნიშვნელოვანესი კარიერული მიღწევის შესახებ მიზანმიმართულად გაჟღერებულ მცდარ ცნობას, რომ მას მამაკაცების წინააღმდეგ არასდროს უთამაშია.

ჩვენი გუნდისთვის დიდი პატივია ქართული საზოგადოებისთვის ამ ძალზედ ღირებულ და მნიშვნელოვან საქმეში წარმოადგინოს ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც The New York Times-თან დღეს გამოქვეყნებულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ეს დავა მისი მემკვიდრეობის კიდევ ერთი ნაწილია და ამბობს: „ის, რომ ქალი მოჭადრაკეები მიღებული არიან საჭადრაკო საზოგადოებაში და ისინი ხდებიან დიდოსტატები ჩემი მემკვიდრეობის ნაწილია; ეს არის ბრძოლა, რომელიც მე დავიწყე და ბრძოლა, რომელსაც მე ვაგრძელებ“.