შეეძლო თუ არა პრეზიდენტს დაედგინა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის?
საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 აპრილის #1 დეკრეტით (შემდგომში „დეკრეტი“) განისაზღვრა საგანგებო მდგომაროების გამოცხადებასთან დაკავშირებით ქვეყნის ტერიტორიაზე გასატარებელ ღონისძიებათა გეგმა, მათ შორის, ამავე დეკრეტის მე-8 მუხლით, საგანგებო მდგომაროების რეჟიმის დარღვევისათვის, შემოღებულ იქნა ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. კერძოდ, დეკრეტის შესაბამის მუხლში ჩაიწერა, რომ ამ დეკრეტითა და მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საგანგებო მდგომაროების რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ფიზიკური პირებისათვის 3000 ლარის, ხოლო იურიდიული პირებისათვის 15000 ლარის ოდენობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კი დადგინდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმავე დარღვევის ხელმეორედ ჩადენისათვის. ამავე დეკრეტით განისაზღვრა სასჯელის სახეც, ფიზიკური პირებისათვის თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე ვადით, ხოლო იურიდიული პირებისათვის ჯარიმა, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ან ლიკვიდაცია და ჯარიმა.
თავშივე უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ სისხლის სამართლის კოდექსში არ ყოფილა შესული რაიმე ცვლილება (სისხლის სამართლის კოდექსში სათანადო ცვლილებები შევიდა 2020 წელის 23 აპრილს, რომლებიც ძალაში შევა 2020 წლის 2 მაისიდან), დეკრეტში აღწერილი ქმედების კოდექსში ასახვის თვალსაზრისით , ანუ კოდექსი არ იცნობდა მუხლს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის შესახებ. შესაბამისად, პირის პასუხისმგებლობის დამფუძნებელი ნორმა განსაზღვრა დეკრეტმა და სასჯელის სახეც და ზომაც თავად დაადგინა. პრაქტიკაში ეს ითარგმნება ისე, რომ კონკრეტული პირის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში მისი ბრალდების საფუძველი უნდა იყოს დეკრეტი და არა სისხლის სამართლის კოდექსი.
ქართულ სამართალში ამგვარ პრაქტიკას პრეცედენტი არა აქვს. ეს “ნოვაცია” ყურადსაღებია არა უბრალოდ პრეცედენტულობის, არამედ კანონშესაბამისობის თვალსაზრისით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრობლემა სახეზეა.
ქართული სისხლის სამართლის კანონმდებლობა სპეციფიკური კანონმდებლობაა, რომლის ნორმები თავმოყრილია მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსში. ეს ვინმეს ახირება არ არის, არამედ კანონის მოთხოვნაა. კოდექსის პირველივე მუხლი ადგენს, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველს ადგენს სისხლის სამართლის კოდექსი, ეს კოდექსი განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაული, გასაზღვრავს სასჯელსა და სასჯელის ზომას კონკრეტული დანაშაულისათვის. კანონის ნორმის ამგვარი ფორმულირება თავისი შინაარსით ნიშნავს, რომ მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის ამოცანაა ქმედების დანაშაულებრიობის განსაზღვრა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის რომელიმე ნორმის დარღვევის შემთხვევაში და პირიქით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ შეიძლება დადგეს, სამართლის რომელიმე სხვა ნორმის დარღვევის შემთხვევაში, ანუ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ სისხლის სამართლის კანონის (კოდექსის) დარღვევის შემთხვევაში.
სამართლის ნორმათა იურიდიული ძალისა და მათი იერარქიის თვალსაზრისით, დეკრეტს გააჩნია ორგანული კანონის ძალა, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსს კანონის, ცხადია ორგანულ კანონს მეტი იურიდიული ძალა აქვს, მაგრამ მეტი იურიდიული ძალის მქონე ნორმაც კი ვერ დააწესებს ქმედების დანაშაულებრიობას, ვინაიდან კანონმდებელმა ამგვარი უფლებამოსილება განსაზღვრა მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსისათვის, როდესაც თქვა, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობა არის მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსი და არა სისხლის სამართლის კოდექსი და კიდევ სხვა საკანონმდებლო აქტები. კანონმდებელმა არ დაუშვა ქმედების დანაშაულად განსაზღვრა სხვა აქტით, თუ არა კოდექსით. შესაბამისად, ვერც დეკრეტით განისაზღვრება ქმედების დანაშაულებრიობა. დეკრეტით დასარეგულირებელი საკითხების წრე მკაცრად ლიმიტირებულია კონსტიტუციის 71-ე მუხლით.
სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლი ადგენს, რომ ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, ანუ კოდექსით. კოდექსის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ასევე ამბობს, რომ „იმას, ვინც დანაშაული ჩაიდინა საქართველოს ტერიტორიაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ კოდექსით“, ანუ სისხლის სამართლის კოდექსით. პრეზიდენტის დეკრეტში აღწერილი ქმედება კი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული არ ყოფილა (ახალი ცვლილება კოდექსში ძალაში შედის მხოლოდ 2020 წლის 2 მაისიდან). შესაბამისად, დეკრეტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა ვერ გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ვინაიდან იგივე ქმედება აკრძალული არ ყოფილა სისხლის სამართლის კოდექსით.
სისლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ასევე ამბობს, რომ „სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ე.ი. „ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება“. იგივე წესი ვრცელდება იურიდიული პირის პასუხისმგებლობაზე.
კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად „არავინ არ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა“. ვინაიდან პრეზიდენტს დეკრეტით არ შეუძლია დააწესოს ქმედების დანაშაულებრიობა, პრეზიდენტის დეკრეტში აღწერილი ქმედება ვერ ჩაითვლება სამართალდარღვევად და ამდენად, პრეზიდენტის დეკრეტით პირის პასუხისმგებლობაში მიცემა არაკონსტიტუციურიცაა და ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ საპროცესო უფლებებს. ამასთან, საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონით, პრეზიდენტს არ გააჩნია უფლება, შეზღუდოს ან შეაჩეროს კონსტიტუციის მითითებული ნორმა, 31-ე მუხლით გათვალისწინებული დებულებები.
თუკი თეორიულად დავუშვებთ, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი შეიძლება იყოს დეკრეტის მე-8 მუხლი, მაშინ კოდექსის ახალი ცვლილების მიღების პირობებში (რომელიც ძალაშია 2 მაისიდან) მოქმედებს ორივე, დეკრეტი და კოდექსი. ასეთ ვითარებაში, პასუხისმგებლობა უნდა განვსაზღვროთ დეკრეტით, ვინაიდან დეკრეტით გათვალისწინებული სასჯელი უფრო მსუბუქია, მაშინ, რა მოსაზრება ედო საფუძვლად კოდექსის ცვლილებას.
პრეზიდენტის დეკრეტს ახლავს ერთი სამართლებრივი უხერხულობაც, დეკრეტი მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის ვადით. რა ხდება მაშინ, როდესაც საგანგებო მდგომარეობა სრულდება/უქმდება? თუკი პასუხისმგებლობა დადგა დეკრეტის საფუძველზე, ასეთ შემთხვევაში, პასუხისგებაში მიცემული პირი უნდა გათავისუფლდეს, ვინაიდან გაუქმდება მისი პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმა, ანუ მოქმედებას შეწყვეტს დეკრეტი.
შეჯამების სახით, დანაშაული არის მხოლოდ ის ქმედება, რაც მითითებულია, ჩამოთვლილია, აღწერილია სისხლის სამართლის კოდექსში და ამის გაკეთება პრეზიდენტს დეკრეტით არ შეეძლო, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის დეკრეტის დარღვევა ვერ გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, თუ ამგვარი დარღვევა ჩადენილია 2020 წლის 2 მაისამდე ანუ კანონის ძალაში შესვლამდე.
ვშიშობ, პრეზიდენტმა გადაამეტა თავის უფლებამოსილებებს, როდესაც თავისი აქტით დაადგინა ქმედების დანაშაულებრიობა და განსაზღვრა სასჯელი ამგვარი ქმედებისათვის, რაც სამართლებრივი სახელმწიფოს ქცევის კარგი მაგალითი არაა. თუკი არსებობს შემთხვევები პირთა (ფიზიკურ და იურიდიულ პირთა) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისა დეკრეტის მე-8 მუხლის საფუძველზე, ქმედებისათვის, რომელიც ჩადენილია 2020 წლის 2 მაისამდე, არსებობს მყარი საფუძველი იმისათვის, რომ ვამტკიცოთ ამ ბრალდების უკანონობა.
ეს დოკუმენტი მომზადებულია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო მიზნებისათვის და ის არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც სამართლებრივი ან სხვაგვარი პროფესიული რჩევა.
თუ გჭირდებათ დეტალური რჩევები ან გაქვთ რაიმე შეკითხვა საგანგებო სიტუაციის რეჟიმის დარღვევისათვის, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაუკავშირდით ჩვენს COVID-19 სამუშაო ჯგუფს, შემდეგ ელ. ფოსტაზე COVID19Taskforce@blb.ge. ელ.ფოსტა მუშაობს საგანგებო რეჟიმში და მიღებული კითხვებს პრიორიტეტულად ვპასუხობთ.
მაია მწარიაშვილი
პარტნიორი
mtsariashvili@blb.ge