ხელშეკრულება უნდა შესრულდეს?
სახელშეკრულებო ვალდებულებები და საგანგებო მდგომარეობა, როგორც ფორს-მაჟორი
ზოგადი მიმოხილვა
საქართველოს კანონმდებლობა ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს უფლებას ანიჭებს შეაჩერონ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება ან შეწყვიტონ ხელშეკრულება ფორს მაჟორულ მდგომარეობის დროს. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ საჭიროა გარკვეული გარემოებების არსებობა თუ როდის და როგორ უნდა მოხდეს ფორს მაჟორული მდგომარეობაზე მითითება, იმისათვის რომ მხარე სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებისგან განთავისუფლდეს.
I. შესავალი
კოვიდ-19 პანდემიასთან ბრძოლის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ, განსაკუთრებულად ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა სახელშეკრულებო ვალდებულებების დროულ და ჯეროვან შესრულებაზე. ეკონომიკური საქმიანობის გარკვეული სახეობების დროებითმა აკრძალვამ და კომპანიების მუშაობის შეჩერებამ საწარმოების მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა გამოიწვია. სახელშეკრულებო ვალდებულებების, ისევე როგორც ზოგადად, მოქმედი ხელშეკრულებების სამართლებრივი სტატუსის დადგენა და შეფასება ამ ვითარებაში რთულია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. რამდენადაც მცირე და საშუალო ბიზნესების უმრავლესობა საქმიანობის შეფერხებას, ფინანსურ პრობლემებს და შემოსავლების მნიშვნელოვან კლებას განიცდის, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია, მათ შეძლონ საკუთარი მდგომარეობის სწორად შეფასება და შესაბამისი სამართლებრივი ქმედებების დაგეგმვა და განხორციელება.
II. მითითება საგანგებო მდგომარეობაზე, როგორც ფორს მაჟორულ გარემოებაზე
კანონმდებლობა ეპიდემიის აფეთქებასთან დაკავშირებით გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას განსაზღვრავს, როგორც ერთერთ ფორს-მაჟორულ გარემოებას და მთავრობას ანიჭებს უფლებას, საგანგებო მდგომარეობის ვადით, შეზღუდოს მოქალქეთა ძირითადი უფლებების მოქმედება. ამავე მიდგომას ითვალისწინებს საერთაშორისო სამართალიც, მაგალითად სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პაქტი ათავისუფლებს სახელმწიფოებს მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან, საგანგებო მდგომარეობის დროს. ამავდროულად, საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს ფორს-მაჟორის დამოუკიდებელი განმარტება. ფორს-მაჟორულ გარემოებებზე მითითებას შეიცვავს ძირითადი საკანონმდებლო აქტების, მაგალითად სამოქალაქო კოდექსის და საგადასახადო კოდექსის ცალკეული მუხლები, თუმცა ფორს-მაჟორული გარემოების დადგომისას, სახელშეკრულებო სამართლის სხვადასხვა მუხლი ითვალისწინებს ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის ან შესრულების პირობების შეცვლის უფლებას.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, ზოგადად, საგანგებო მდგომარეობას, კანონმდებლობა განიხილავს როგორც ფორს მაჟორულ გარემოების წარმოშობის ერთერთ სამართლებრივ საფუძველს, თუმცა, იმისათვის, რომ პირი ნაწილობრივ ან მთლიანად განთავისუფლდეს სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებისაგან, საგანგებო მდგომარეობაზე, როგორც ფორს მაჟორულ გარემოებაზე მითითებით, ეს გარემოება უნდა ახდენდეს პირდაპირ ზეგავლენას მისი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებაზე.
ორი შესძლო სცენარი:
ა) როდესაც კონტრაქტი შეიცავს დებულებას ფორს-მაჟორის შესახებ
როგორც წესი, ხელშეკრულებების უმრავლესობა, რომლებიც შეიცავს მუხლს ფორს-მაჟორის შესახებ, საგანგებო მდგომარეობას განიხილავს როგორც ერთერთ ფორს მაჟორულ გარემოებას რომელმაც შესაძლებელია სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება გამოიწვიოს
ბ) როდესაც უშუალოდ კონტრაქტი არ შეიცავს მუხლს ფორს-მაჟორის თაობაზე
ამ შემთხვევაში, მითითება საგანგებო მდგომარეობაზე, როგორც ფორს მაჟორულ გარემოების შესახებ შესაძლოა გაკეთდეს სახელშეკრულებო სამართლის ზოგადი ნორმების შესაბამისად.
არსებობს რამოდენიმე წინაპირობა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მითითება საგანგებო მდგომარეობაზე, როგორც ფორს მაჟორულ გარემოებაზე, მიუხედავად იმისა, ითვალისწინებს თუ არა ხელშეკრულება ფორს-მაჟორს:
- პირდაპირი ზეგავლენა
საგანგებო მდგომარეობა, როფორც ფორს-მაჟორული გარემოება უნდა ახდენდეს პირდაპირ ზეგავლენას სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებაზე, უნდა წარმოადგენდეს მიზეზს, რის გამოც სახელშეკრლებო ვალდებულება არ შესრულდა ან არაჯეროვნად შესრულდა.
გასათვალსწინებელია, რომ მხარემ, რომელიც მიუთითებს საგანგებო მდგომარეობაზე, როგორც ფორს მაჟორულ გარემოებაზე უნდა ამტკიცოს (მტკიცების ტვირთი), რომ ეს გარემოება გახდა ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების მიზეზი.
- მითითება ფორს მაჯორულ გარემოებაზე უნდა იყოს კარგად დასაბუთებული
იმისათვის რომ ფორს მჟორულ გარემოებაზე მითითება იყოს კარგად დასაბუთებული, ასეთი მითითება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- ფორს მაჟორული გარემოება უნდა იყოს მხარეთა კონტროლს მიღმა და მისი დადგომა არ უნდა იყოს დამოკიდებული მხარის ნებაზე;
- ფორს-მაჟორული გარემოება უნდა იყოს გარდაუვალი და დაუძლეველი;
- ფორს მაჟორულმა გარემოების შედეგად შეუძლებელი უნდა გახდეს მხარის მიერ ვალდებულების შესრულება;
- უნდა არსებობდეს პირაპირი მიზეზობრივ-შედეგობრივი კავშირი ფორს მაჟორულ გარემოებასა და მხარის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულება / შეუსრულებლობას შორის.
- შეტყობინების გაგზავნა
ფორს მაჟორულ გარემოებაზე მითითების იდევ ერთი, აუილებელი წინაპირობაა ის რომ მხარემ დროულად უნდა შეატყობინოს ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარეს იმ ფორს-მაჟორული გარემოების დადგომის შესახებ, რომელიც მთლიან ან ნაწილობრივ შეუძლებელს ხდის მის მიერ ვალდებულების შესრულებას.
გამონაკლისი
საერთაშორისო კომერციული ხელშეკრულებების სამართლებრივი სტატუსი მნიშვნელოვნად განსხვავდება ზემოაღწერილი სტატუსისგან და დამოკიდებულია კონკრეტული კონტრაქტის აგებულებაზე და იმაზე თუ რომელი ქვეყნის სამართლის გამოყენებაზე არიან მხარები შეთანხმებული, მაგალითად, ზოგიერთი სამართლებრივი სისტემა ფორს მაჟორზე მითითების უფლებას ითვალისწინებს მხოლოდ მაშინ თუკი ამის თაობაზე პირდაპირაა აღნიშნული კონტრაქტში.
ამ მხრივ, შესაძლებელია ხელისუფლების ორგანოების დახმარების გამოყენებაც, მაგალითად ჩინეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატამ გამოსცა „force majeure certificates” რომლის მიხედვითაც კოვიდ-19 პანდემია პირდაპირ გამოაცხადა ფორს მაჟორულ გარემოებად.
III. ხელშეკრულების მოშლის ან შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების უფლება ფორს-მაჟორული გარემოების დადგომისას
სახელშეკრულებო სამართალი მხარეებს ანიჭებს უფლებას უარი თქვან ხელშეკრულების შესრულებაზე თუკი მისი შერულება შუძლებელია ან ეწინააღმდეგება კანონს. გარდა ამისა, მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა ითვალისწინებს ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობის გამომრიცხავ ან შემამსუბუქებელ დებულებებს. ამ მიზნით, მიუხედავად იმისა, ითვალისწინებს თუ არა კონტრაქტი ფორს მაჟორს, ფორს მაჟორული გარემოების არსებობისას შესაძლებელია გამოყენებული იქნას სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვადასხვა სახელშეკრულებო დებულებები, მაგალითად,
- ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის;
- ვალდებულების შესრულების შუძლებლობის;
- მოვალის პასუხისმგებლობის გამორიცხვის;
- ვალდებულების შესრულებისადმი ინტერესის დაკარგვის;
- ხელშეკრულებიდან გასვლისას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოების შესახებ.
შენიშვნა
ფორს-მაჟორული მდგომარეობის გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეწყვეტას ან შეცვლას, სამოქალაქო კოდექსის ბევრი სხვადასხვა მუხლი ითვალისწინებს. ზემოაღნიშნული დებულებები მოყვანილია მხოლოდ მაგალითისთვის. ყველა ამგვარი დებულების შეფასებაა შესაძლებელი კოვიდ-19 დაკავშირებით დამდგარ ფორს მაჟორული გარემოებასთან მიმართებაში.
რუსუდან მაისურაძე
პარტნიორი
maisuradze@blb.ge